5, 6 მარტს, ბაკურიანში გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებს, საპატიო სტუმრების რანგში დაესწრნენ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალური მდივანი მიშელ ვიონი და FIS-ის ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი სანდრა შპიცი. FIS-ის წარმომადგენლებმა ჩატარებული ღონისძიებები და კურორტის პოტენციალი დადებითად შეაფასეს.
ეტაპების დასრულების შემდეგ, 7 მარტს, FIS-ის წარმომადგენლებმა და საორგანიზაციო კომიტეტეტის წევრებმა გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გამართეს ბაკურიანში. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, უსაფრთოების წესები, ღონისძიების პროგრამა, ტექნიკური, ლოჯისტიკური, მარკეტინგული, ადამიანური რესურსების მართვის საკითხები თუ სხვ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული ევროპისა და მსოფლიო ეტაპების ჩატარების დონე უცხოელი სპეციალისტების მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული. გაწეული ტექნიკური სამუშაოები, ტრასებისა და თოვლის საფარის ხარისხი შეესაბამებოდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ დაწესებულ სტანდარტებს.
2023 წლის, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება ყველაზე აქტიურ ფაზაშია შესული და უმაღლესი დონის ღონისძიების წარმატებით ჩასატარებლად უდიდესი სამუშაოებია ჩასატარებელი. ტრასების მომდევნო ინსპექცია ბაკურიანში, 29 მარტს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის შეჯიბრის დირექტორის, ანდრეა რინალდის კონსულტაციით ჩატარდება.