როგორც უკვე ცნობილია ბაკურიანი 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, ამ გადაწყვეტილების შედეგად 2023 წლამდე საქართველოს მხარე ვალდებულია, რომ (FIS-ის) ფრისტაილის ყველა დისციპლინის მსოფლიო და ევროპის თასების ეტაპებს უმასპინძლოს. 26, 27 და 28 თებერვალს ბაკურიანში სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდა. 26 თებერვალს კვალიფიკაცია, 27 თებერვალს კი შეჯიბრის ფინალები გაიმართა.
28 თებერვალი ისევე როგორც საქართველოსთვის ასევე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისთვისაც განსაკუთრებული დღე იყო. ბაკურიანმა შერეული ნაკრების გუნდურ შეჯიბრებას სკი კროსში მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად უმასპინძლა. სკი კროსის შერეული ნაკრების შეჯიბრში თითო ქვეყნის ნაკრებიდან 1 გოგო და 1 ბიჭი ასპარეზობდა. როგორც კლასიკურ სკი კროსში, აქაც 4 სპორტსმენი მონაწილეობდა ერთდროულად.
სკი კროსის ეტაპებში 9 სხვადასხვა ქვეყნის (ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, ბრიტანეთის, იაპონიის, შვეიცარიის, შვედეთისა და აშშ-ს) 51-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ქალების ინდივიდუალურ შეჯიბრში პირველი ადგილი შვეიცარიის გუნდის რეკორდსმენმა ფანი სმიტმა დაიკავა, ხოლო მამაკაცებში გერმანელმა ათლეტმა ფლორიან ვილსმანმა მოიპოვა გამარჯვება.
გუნდურ შეჯიბრებაში კი პირველი ადგილი კვლავ შვეიცარიამ (ფანი სმიტი და ჯონას ლენჰერი) მოიპოვა, მეორე ადგილზე კანადა (კორტნი ჰოფოსი და კრის ბოსკო), ხოლო მესამეზე შვედეთი (სანდრა ნასლუნდი და დევიდ მობერგი) გავიდა.
ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ შემუშავებული კოვიდ-19 პროტოკოლისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა.
სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპის ფოტოების სანახავად ეწვიე ბმულს