Მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით მასპინძლობის შემდეგ საქართველო სათხილამურო სპორტის ყურადღების ცენტრში რჩება და მომავალ სეზონს საინტერესო სიახლეებით ხვდება.
7 ივნისს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მთის ტრასების სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკოსა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა პრესკონფერენცია სადაც დაანონსდა 2023/2024 წლის საშეჯიბრო სეზონის კალენდარი.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორები, უვე ბეიერი და კლაუს ვალდნერი, ქართული საორგანიზაციო მხრიდან კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი , მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა.
2023/2024 წლის საშეჯიბრო სეზონი ბაკურიანში მოგულის მსოფლიო თასით 22-23 დეკემბერს გაიხსნება.
2-4 თებერვალს სეზონი სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპით გუდაურში გაგრძელდება, 9-11 თებერვალს კი სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს კვლავ ბაკურიანი უმასპინძლებს.