საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საშემოდგომო შეხვედრა კომიტეტებს შორის დასრულდა. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე შეხვედრები კვლავ ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს პარკის და ფაიფის (ფრისქი, სნოუბორდი და ჰალფ ფაიფი), ფრისტაილის (მოგული და არეალსი), სნოუბორდ კროსის, სკი კროსის და სამთო სნოუბორდის ქვეკომიტეტების წევრებმა.
შეხვედრებზე განხილულ იქნა მიმდინარე საკითხები სათხილამურო და სნოუბორდის დისციპლინებში და განვითარების სამომავლო გეგმები. კომიტეტზე ასევე განიხილეს ჩინეთში, 2022 წლის სეზონზე დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშები და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორიცაა ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო თასის ეტაპები.
2021 წლის სეზონზე საქართველომ, კერძოდ კი ბაკურიანმა, სკი კროსისა და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლა. ამასთანავე, ბაკურიანში პირველად ჩატარდა შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრება სკი კროსში, მსოფლიო თასის გათამაშების ფორმატში. როგორც უკვე ცნობილია, ბაკურიანი 2023 წელს ფრისქის, ფრისთაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამიტომაც, 2023 წლამდე, საორგანიზაციო გუნდის კვალიფიკაციის ასამაღლებლად და საშეჯიბრო ტრასების ტესტირებისთვის, საქართველო ყოველ წელს მასპინძლობს მსოფლიო და ევროპის თასების გათამაშების ეტაპებს ფრისქის, ფრისთაილის და სნოუბორდის სხვადასხვა დისციპლინებში.
საშემოდგომო კომიტეტებზე ოფიციალურად დადასტურდა მომავალი სათხილამურო სეზონის კალენდარი. ბაკურიანში 2022 წლის 19, 20 თებერვალს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, ევროპის თასის გათამაშების ეტაპები გაიმართება, კერძოდ, 19 თებერვალს სნოუბორდის პარალელურ სლალომში, ხოლო 20 თებერვალს გიგანტურ სლალომში.
2022 წელს, ევროპის თასების გათამაშების ეტაპების გარდა, საქართველოში კიდევ ორი მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპი ჩატარდება. 5 მარტს ბაკურიანი ფრისკის, ხოლო 6 მარტს სნოუბორდის ეტაპს უმასპინძლებს. ორივე შეჯიბრზე სპორტსმენები სლოუფსთაილის სახეობაში იასპარეზებენ.
ჩატარებულ შეხვედრებზე განხილვისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სნოუბორდის სამთო შეჯიბრებას, რადგანაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, 2023 წელს, სწორედ ბაკურიანში გაიმართება სამთო სნოუბორდის შერეული გუნდების შეჯიბრება.