საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ბავშვთა ნაკრები
17-30 სექტემბერს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ბავშვთა ნაკრები ავსტრიაში იმყოფებოდა, ჩვენმა პატარა მოთხილამურეებმა ავსტრიის ცნობილ მყინვარზე ჰინტერტუქსში კარგად ივარჯიშეს. მოგეხსენებათ სათხილამურო სპორტი დამოკიდებულია მეტეო პირობებზე, ჩვენს სპორტსმენებს ამჟამად გაუმართლათ ამინდში, ამ პერიოდში ჰინტერტუქსში იყო კარგი სავარჯიშო პირობები.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ნაკრებს სათავეში საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების ყოფილი წევრი, 4-გზის ოლიმპიელი – იასონ აბრამაშვილი ჩაუდა. ის ყველანაირად ცდილობს პატარა მოთხილამურეებს თავისი გამოცდილება გაუზიაროს. ბავშვებს გვერდში ჰყავთ გამოცდილი მწვრთნელი და ძალიან კარგი პიროვნება, რაც დიდი მოტივაციაა მათთვის.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით ზამთრის სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნებში ორ ასაკობრივ ჯგუფში (14 წლამდე და 16 წლამდე U14 & U16) სამთო-მოთხილამურეებს შორის ტარდება ბავშვთა შეჯიბრებები. ევროპულ ქვეყნებში ასეთი შეჯიბრებების ჩატარება ნახევრ საუკუნეზე მეტ დროს ითვლის. ამ შეჯიბრის პრიზიორები და გამარჯვებული სპორტსმენები მომავალში ცნობილი, ტიტულოვანი მოთხილამურეები ხდებიან.
საქართველომ როგორც კი დამოუკიდებლობა მოიპოვა, დაარსდა სათხილამურო ფედერაცია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბავშვთა შეჯიბრებებზე პატარა, ქართველი მოთხილამურეები 90-იანი წლებიდან უწყვეტად ასპარეზობენ. ევროპის ქვეყნებში სათხილამურო სპორტი ძალიან განვითარებულია, თხილამურებზე დგომა ფაქტიურად სავალდებულოა, სკოლებში ბავშვებს ფიზკულტურის გაკვეთილზე თხილამურებით სრიალს ასწავლიან. მაგალითად ავსტრიის ერთ-ერთ რეგიონში – ტიროლში თუ ასობით ბავშვი პროფესიონალურად სრიალებს, საქართველოში სულ 30-მდე პატარა მოთხილამურე გვყავს. ვინადიან ამ სფეროში საქართველო ახალბედაა, შედეგებიც არ გვაქვს გამორჩეული, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში საქართველოშიც უფრო პოპულარული გახდება სპორტის ეს სახეობა, უფრო მეტი ბავშვი დადგება თხილამურებზე და მათგან ბევრი ნიჭიერი ბავშვის ამორჩევის საშუალება იქნება, მერე კი დიდი შედეგებიც აუცილებლად იქნება.