15 ივნისს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში (ა)იპ „საქართველოს სათხილამურო ფედერაციის“ ყრილობა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ფედერაციის საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული.
ყრილობის დღის წესრიგი მოიცავდა: ფედერაციის სახელწოდების ცვლილებას, წესდების ახალი რედაქციის დამტკიცებას, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნის, პრეზიდიუმის წევრებისა და ხაზინადარის არჩევას. ასევე წევრების მიერ ინიცირებულ საკითხებზე მსჯელობას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით მოხდა ფედერაციის სახელწოდების ცვლილება. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის მოთხოვნა ითვალისწინებს ეროვნული ფედერაციების სახელწოდებებში სნოუბორდის მიმართულების ასახვას. შესაბამისად, ორგანიზაციას ეწოდა — „საქართველოს სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაცია“.
ყრილობაზე ასევე დამტკიცდა ფედერაციის წესდების ახალი რედაქცია.
დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით საქართველოს სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტად ზურაბ კოსტავა აირჩიეს. ვიცე-პრეზიდენტებად არჩეულნი არიან: ეკატერინე გაბაშვილი, ეკატერინე ორჯონიკიძე, პატრიკ ლანგი, გოჩა ჭელიძე და ირაკლი ბურჭულაძე. ფედერაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს ირინა აჩბა. (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ)
ასევე დაკომპლექტდა ფედერაციის პრეზიდიუმი და არჩეულ იქნა ხაზინადარი.
ყრილობის ფარგლებში წევრებმა ასევე განიხილეს ფედერაციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე საკითხებიც.
ზურაბ კოსტავა – ,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დელეგატებს ნდობისთვის. ჩვენი მიზანია, რომ სამთო-სათხილამურო ევროპის თასის ეტაპები – სლალომი და გიგანტური სლალომი ჩავატაროთ საქართველოში და მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩაჯდეს კალენდარში. ეს საწინდარი იქნება, რომ მომავლში მსოფლიო თასის ეტაპებიც ჩატარდეს. თვის ბოლოს ჩამოვლენ FIS-დან ინსპექციისთვის, გადაწყდება თუ სად გაიმართება გუდაურში ან ბაკურიანში. ასევე ფრისტაილის სახეობების ჩატარებაც იგეგმება მომავალში.“
სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კერესელიძე: -,,ვულოცავ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს ზურაბ კოსატავას და მის გუნდს. ჩვენ ყველანაირად გვერდში დავუდგებით ფედერაციას, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებმა მიაღწიონ წარმატებებს.“
—–
ზურაბ კოსტავა – ბიოგრაფია
ზურაბ კოსტავა დაიბადა 1970 წლის 15 მარტს, თბილისში. 2014 წლიდან საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტია.
მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ 2021 და 2022 წლებში ბაკურიანსა და გუდაურში მსოფლიო თასისა და ევროპის თასის ეტაპებს ორგანიზება გაუწია. ამჟამად ის ხელმძღვანელობს მსოფლიო თასის ეტაპების ორგანიზატორთა გუნდს საქართველოს სხვადასხვა სათხილამურო კურორტებზე.
ზურაბ კოსტავა იყო ბაკურიანის 2023 წლის FIS სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატების LOC-ის პრეზიდენტი.
კოსტავამ წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1992 წელს; აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი; იყო საქართველოს ახალგაზრდული წყალბურთის ნაკრების წევრი.
1994 წლიდან მუშაობდა ბიზნეს სექტორიში, სხვადასხვა კომპანიების მმართველ პოზიციაზე.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
2011 წლიდან იგი იკავებდა უმაღლეს მენეჯერულ თანამდებობებს სს „სილქნეტში“, ტელეკომუნიკაციების კომპანია საქართველოში, რომელიც საქართველოს სათხილამურო ფედერაციის GSF-ის მთავარი სპონსორია.
2015 წლიდან ის არის შპს „სერვის ნეტ ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე.
ზურაბ კოსტავა დაქორწინებულია და ჰყავს ორი ქალიშვილი.
პატრიკ ლანგი – ბიოგრაფია
პატრიკ ლანგი დაიბადა 1950 წლის 22 მარტს საფრანგეთის ქალაქ ბაზელში.
პატრიკ ლანგი პროფესიით არქიტექტორი/მათემატიკოსია.
იგი სპორტულ ჟურნალისტიკაში 1970 წლიდან ჩაერთო.
პატრიკ ლანგს ჟურნალისტიკაში დიდი გამოცდილება აქვს. სპორტის სხვადასხვა სახეობის მაღალი დონის შეჯიბრებების სატელევიზო პროდიუსერი და პრეს-ოფიცერია.
პატრიკი მსოფლიო სპორტის სამყაროში კრეატიულ და პროფესიონალ ჟურნალისტადაა ცნობილი. პატრიკი სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციებს ღონისძიებებსა და შეჯიბრებების მოწყობაში უწევს კონსულტაციას.
პატრიკს საკუთარი გუნდი ჰყავს, რომელიც საერთასორისო მედიასთან თანამშრომლობს. მისი მიზანია, რომ სპორტის განვითარებას ხელი შეუწყოს. პატრიკი ცნობილი სპორტსმენების მრჩეველიცაა.
პატრიკ ლანგის საქმიანობაში მთავარი კომპონენტია საკომუნიკაციო პროექტებზე მუშაობა (წამოწყება, შექმნა და მართავა) სპორტის პროექტებისთვის მედიასთან, სპონსორებთან და ფედერაციებთან ერთად.
პატრიკ ლანგი FIS-ის მსოფლიო თასის ტურის დამაარსებლის – სერგი ლანგის ვაჟია.
იგი ევროპის, იაპონიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჟურნალებისა და ინტერნეტ გვერდების სათხილამურო კორესპონდენტია.
პატრიკ ლანგი ავტორია წიგნებისა : ,,20 წელი მსოფლიო თასის ტურში“, ,,სათხილამურო დიდებული მომენტები“ და ,,25 წელი მსოფლიო თასის ტური ვალ-დიზერში“ . პატრიკ ლანგმა ოფიციალური ბიოგრაფიები დაწერა ლეგენდარული ინგერმარ სტენმარკისა და ალბერტო ტომბას შესახებ.
პატრიკ ლანგი მსოფლიო თასის ტურის მრავალი სპონსორის: ივაიენის, დანონის, ფილიპ მორისის, ბასფის, კაფე ლავაცას, სერჯიო ტაჩინის, კაფე დე კოლუმბიას, კრაფთ ფუდისა და ლონჟინის კონსულტანტია.
2018 წლიდან საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.
პატრიკ ლანგი დაქორწინებულია და ჰყავს სამი შვილი.
ეკატერინე გაბაშვილი – ბიოგრაფია
ეკატერინე გაბაშვილი დაიბადა 1974 წლის 8 აპრილს, თბილისში.
არის ჟურნალისტი, PR ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, მრავალწლიანი გამოცდილებით სპორტული მენეჯმენტის, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროებში.
2010 წლიდან საქართველოს სათხილამურო ფედერაციაში იკავებს PR-ისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციას, სადაც პასუხისმგებელია ფედერაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის, მედიასთან ურთიერთობებისა და სპორტის პოპულარიზაციის მიმართულებების განვითარებაზე.
2016 წლიდან არის საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და აქტიურად მუშაობს ზამთრის სპორტის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს სათხილამურო პოტენციალის წარმოჩენის მიმართულებით.
2009–2016 წლებში იყო საქართველოს სათხილამურო ჩემპიონატისა და საქართველოს თასის გათამაშებების ორგანიზატორი. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა არაერთ საერთაშორისო სათხილამურო შეჯიბრებას, რომელთა წარმატებით ჩატარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს, როგორც ზამთრის სპორტის საერთაშორისო მიმართულების, პოპულარიზაციას.
წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს რეგიონებში სათხილამურო სპორტის განვითარების პროექტებში, მათ შორის ახალგაზრდების სპორტში ჩართვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზამთრის სპორტის ხელშეწყობის ინიციატივებში.
ეკატერინე ორჯონიკიძე–ბიოგრაფია
ეკატერინე ორჯონიკიძე დაიბადა ქ .ბორჯომში
1969 წლის 15 სექტემბერს.
პროფესიით არის გერმანისტი, მრავალწლიანი პედაგოგიური განოცდილებით.
2023 წლიდან დღემდე იგი არის სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, პარალელურად 2016 წლიდან იგი იკავებს საქართველოს სათხილამურო ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას.
ტრამპლინიდინ ხტომისა და ორჭიდის მიმართულებით.
იგი აქტიურად იყო ჩართული 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებში.
გოჩა ჭელიძე – ბიოგრაფია
დაიბადა 1969 წლის 19 ოქტომბერს, ბორჯომში.
1992 წელს წარმატებით დაასრულა სწავლა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია. 1999 წელს კი დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი და მიიღო სამართალმცოდნის კვალიფიკაცია.
2008–2010 წლებში იყო მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მისი უშუალო ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით ზემო სვანეთში მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურამ და სპორტმა, რამაც საფუძველი ჩაუყარა რეგიონის ტურისტულ და სპორტულ წინსვლას.
2012–2015 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ბელარუსიის რესპუბლიკაში.
იგი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე საქმიანობისას აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების პროცესში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლაში.
ამჟამად მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში და არის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი.
მას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში გამოქვეყნებული აქვს მრავალი წიგნი, მონოგრაფია, სამეცნიერო სტატია და პუბლიკაცია; არის არაერთი კვლევითი ნაშრომის ავტორი.
არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი სამთო-სათხილამურო სპორტში. 1994 წლის ლილეჰამერის ზამთარი ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი იყო, თუმცა ტრავმის გამო ოლიმპიურ შეჯიბრებებში მონაწილეობა ვერ მიიღო.
მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში.
მრავალწლიანი საზოგადოებრივი, სახელმწიფო და სამეცნიერო საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებისა და ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის კვლევის საქმეში.
ირაკლი ბურჭულაძე – ბიოგრაფია
ირაკლი ბურჭულაძეს 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საჯარო და კერძო სექტორში. მას მინიჭებული აქვს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ფინანსების განხრით ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლისგან და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან.
საჯარო სექტორში კარიერა მან დაიწყო საქართველოს ორი უმნიშვნელოვანესი ეროვნული რეფორმის, საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის, განხორციელებაში მონაწილეობით. მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ ირაკლი გახდა ახლადშექმნილი საპენსიო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე. მოგვიანებით ის დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილედ, სადაც მისი ძირითადი ფუნქცია აპარატის ფინანსური მენეჯმენტი იყო.
შემდეგ ეტაპზე ირაკლი გახდა შპს „ემ.თი.ეი“-ს (M.T.A.) გენერალური დირექტორი, პოზიცია, რომელსაც ის 2026 წლის 1 ივნისამდე იკავებდა, რის შემდეგაც გადაინაცვლა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე. გენერალური დირექტორის რანგში, ოთხი წლის განმავლობაში ის ზედამხედველობდა საქართველოს ოთხი სამთო-სათხილამურო კურორტის -გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის განვითარებას და ფუნქციონირებას.
მისი ხელმძღვანელობით კომპანიამ უმოკლეს ვადებში განახორციელა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ბაკურიანში ეს მოიცავდა 30 კილომეტრის სიგრძის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის, ორი ხელოვნური ტბისა და სპორტსმენთა სოფლის მშენებლობას, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა 2023 წლის ბაკურიანის ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის (FIS, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაცია) წარმატებით მასპინძლობაში. ჩემპიონატის მსვლელობისას ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამთო ოპერაციებს და პასუხისმგებელი იყო მთის ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე.
გუდაურში მისი ხელმძღვანელობით აშენდა ორი ახალი საბაგირო ხაზი, მოეწყო ახალი სათხილამურო ტრასები და მოხდა კურორტის სრულიად ახალი სამთო-სათხილამურო არეალით გაფართოება. ამასთანავე, მისივე ხელმძღვანელობით ჩატარდა 2024 წლის სნოუბორდის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი (FIS) და ორი წლის განმავლობაში, მოგულის, სკი-კროსისა და სნოუბორდ-კროსის დისციპლინებში, ექვსი FIS მსოფლიო თასის ეტაპი, რამაც მნიშვნელოვნად განამტკიცა საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ზამთრის სპორტში.
ირაკლი ბურჭულაძე ასევე საქართველოს ფრირაიდის ფედერაციის თავჯდომარე. შპს „ემ.თი.ეი“-ს და Freeride World Tour-ის ორგანიზებით საქართველოში 2024 და 2025 წლებში ჩატარდა უმაღლესი დონის ჩემპიონატი, Freeride World Tour – Georgia Pro, ასევე სხვადასხვა კატეგორიის ფრირაიდის რიგი შეჯიბრი. პარალელურად ჩამოყალიბდა საქართველოს ფრირაიდის ფედერაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ფრირაიდის, როგორც სპორტული სახეობის, განვითარებას.
