საქართველოს წარმომადგენელმა ლაშა ინაშვილმა Hahnenkamm Races-ის პოსტერების პრესტიჟული კონკურსი მეორედ მოიგო.
2024 წლის გამარჯვების შემდეგ, ლაშა ინაშვილმა წარმატება კვლავ გაიმეორა და წლევანდელ კონკურსში 286 ნამუშევარს შორის საუკეთესო დიზაინის ავტორი გახდა.
მისმა განსაკუთრებულმა, დასაკეცმა პოსტერმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა. კონკურსში ევროპიდან, აზიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან 138 ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა.
ლაშას გამარჯვებისთვის 7 000 ევროს საპრიზო თანხა გადაეცა და ის მიწვეულია 2027 წლის კიცბუელში სწრაფდაშვების შეჯიბრზე.
მისი გამარჯვებული პოსტერი შემოდგომიდან Kitzbühel Ski Club-სა და BTV-ის ფილიალებში გაიყიდება, ხოლო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ახალგაზრდა ზამთრის სპორტის წარმომადგენლების მხარდაჭერას მოხმარდება.
ლაშა ინაშვილის ზედიზედ მეორე გამარჯვება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოსთვის საერთაშორისო ზამთრის სპორტისა და ხელოვნების სფეროში.
