4 აპრილს White Rabbit Parks-ში ბიგ ეარის შეჯიბრი ჩატარდა. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ისევე როგორც ქართველი სპორტსმენების განვითარებისა და წინსვლისთვის, ასევე მსოფლიო დონის შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის. როგორც უკვე ცნობილია საქართველო 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. შესაბამისად საქართველოს მხარე ვალდებულია, რომ (FIS-ის) ფრისტაილის ყველა დისციპლინის მსოფლიო და ევროპის თასების ეტაპებს უმასპინძლოს.
ჩემპიონატში 13-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის სათხილამურო შეჯიბრში 6-მა, სნოუბორდში კი 7-მა მონაწილემ იასპარეზა. ბიგ ეარის ჩემპიონატში მონაწილეები ილეთის სისუფთავითა და ნახტომის სიმაღლით შეფასდნენ. სპორტსმენებს სამი ცდა ჰქონდათ, მათ შორის ორი მცდელობის ქულების დაჯამების შედეგად კი გამოვლინდა 6 გამარჯვებული , 3 თხილამურის, 3 კი სნოუბორდის შეჯიბრში. სათხილამურო შეჯიბრში საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის ნაკრების წევრმა ლუკა მახვილაძემ საუკეთესო ცდების ქულების ჯამური შედეგით (40 ქულით) პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ბექა ბურდული (34.5 ქულით) , მესამეზე კი ნაკრების კიდევ ერთი წევრი რეზი ბურდული (31.5 ქულით) გავიდა.
სნოუბორდის შეჯიბრში ფრისტაილის ნაკრების სპორტსმენმა, ჯაბა სხვედიანმა (48.5 ქულით) პირველი ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე სპორტსმენი გუგა დვალი (40 ქულით), მესამე ადგილზე კი ბაქარ მუშკუდიანი (25 ქულით) გავიდა.