3-4 თებერვალს მსოფლიო თასის ეტაპები სნოუბორდ კროსის დისციპლინაში პირველად გაიმართება გუდაურში.
შეჯიბრში, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS იმართება მსოფლიოს 17 წამყვანი ქვეყნის (აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა) 90 სპორტსმენი იასპარეზებს.
მსოფლიო თასის ეტაპებს საერთაშორისო მედია გააშუქებს. პირდაპირი ტრანსლიაცია გაიმართება „ევროსპორტზე“ და საქართველოში საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მედია პარტნიორია ევრონიუს საქართველო.
გასულ წელს საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში და საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო სპორტის რუკაზე. სხვადასხვა დისციპლინებში წარმატებით ჩატარებულმა ღონისძიებებმა, განაპირობა საქართველოს მთიანი კურორტების მოხვედრა FIS-ის რეგულარულ კალენდარში.
2023 წლის დეკემბერში ბაკურიანში გაიმართა მსოფლიო თასი მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში. განსხვავებულ დისციპლინას, სნოუბორდ კროსს უმასპინძლებს ამჯერად გუდაური, სკი კროსი კი კვლავ ბაკურიანში ჩატარდება 10-11 თებერვალს.
საერთაშორისო ტურნირებით დატვირთული ზამთრის სეზონის ღონისძიებები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) იმართება.
მსოფლიო თასების ორგანიზატორია საქართველოს სათხილამურო ფედერაცია და მისი სპონსორი კომპანია სილქნეტი.
სპონსორია კომპანიები: „ბორჯომი“,“თი ბი სი“ „რედკო“.