19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლის ბაკურიანი 2023 მსოფლიო ჩემპიონატი სათხილამურო სფეროს ყურადღების ცენტრში იყო. უცხოელი ექსპერტების მხრიდან თითოეული შეჯიბრის ორგანიზებამ და ინფრასტრუქტურის ხარისხმა მაღალი შეფასება მიიღო.
დიდველისა და კოხტა გორას ტრასებზე ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის 7 სახეობა წარმატებით გაიმართა.
19 თებერვალს დიდველის ტრასაზე ჩატარდა სნოუბორდის პარალელური გიგანტური სლალომი. შეჯიბრებაში 18 ქვეყნის ასამდე სპორტსმენმა იასპარეზა.
ამ დისციპლინაში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა იაპონელი ცუბაკი მიკი,
კაცთა შორის კი გაიმარჯვა პოლონელმა ოსკარ კვიატოვსკიმ.
ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ავსტრიელმა დანიელა ულბინგმა და პოლონელმა ალექსანდრა კროლმა გადაინაწილეს ქალებში. კაცებში კი მედლები შვეიცარიელმა დარიო კავიცელიმ და ავსტრიელმა ალექსანდრე ფეირიმ მოიპოვეს.
ქართველმა სპორტსმენმა რევაზ ნაზღაიძემ იასპარეზა კვალიფიკაციაში, მან დაიკავა 39-ე ადგილი, რაც სამწუხაროდ ნიშნავს, რომ ის ვერ მოხვდა ფინალში; თუმცა, მას ჯერ კიდევ წინ აქვს პარალელური სლალომი, რომელიც 21 თებერვალს გაიმართება. იმედი გვაქვს რევაზი თავი საუკეთესო შედეგს ანახებს პარალელურ სლალომში.
21 თებერვალს ბაკურიანში დიდველის ტრასაზე მსოფლიო ჩემპიონატის სნოუბორდის პარალელური სლალომი გაიმართა. ქარიანი ამინდის მიუხედავად კვალიფიკაცია ჩატარდა და მასში 18 ქვეყნის 100 მდე სპორტსმენმა იაპარეზა.
სამწუხაროდ რევაზ ნაზღაიძე საუკეთესო 32 სპორტსმენში ვერ მოხვდა და ფინალურ რბოლას გამოეთიშა.
ქალთა შორის სნოუბორდის პარალელურ სლალომში მსოფლიო ჩემპიონი გახდა შვეიცარიელი ჯული ზოგი, ვერცხლის მედალიც შვეიცარიელმა – ლადინა ჯენიმ მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ავსტრიელი საბინე შოფმანი გახდა.
კაცთა შორის კი გაიმარჯვა ავსტრიელმა ანდრეას პრომეგერმა, ვერცხლის მედლის მფლობელიც ავსტრიელი ერვიდ ენერი გახდა და ბრინჯაოს მედალი კანადელმა არმონდ გედემ მოიპოვა.
22 თებერვალს ბაკურიანში ქარიანი ამინდი იყო ისევ. მიუხედავად უამინდობისა დიდველის ტრასაზე მსოფლიო ჩემპიონატის სნოუბორდის პარალელური სლალომის შერეული გუნდური შეჯიბრი წარმატებით ჩატარდა.
გაიმარჯვა იტალიის გუნდმა, ავსტრია გავიდა მეორე ადგილზე, მესამე ადგილს კი შვეიცარიის ნაკრები დასჯერდა.
შეჯიბრებაში მონაწილეობდა 13 ქვეყნის 48 სნოუბორდერი.
23 თებერვალს კოხტა გორას ფერდობზე გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის არეალსის კვალიფიკაცია და ფინალები, სადაც 10 ქვეყნის მფრინავმა მოთხილამურემ ისევ ულამაზესი სანახაობა აჩვენა.
ამ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის გახდა ჩინელი ფენი კონგი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი ავსტრალიელმა დანიელა სკოტიმ და უკრაინელმა ანასტასია ნოვოსედმა მოიპოვეს.
ვაჟთა შორის გაიმარჯვა შვეიცარიელმა ნოე როთიმ, მეორე და მესამე ადგილებზე ამერიკელი ქვინ დელინგერი და ჩინელი ლონგსიაო იანგი გავიდნენ.
24 თებერვალს ბაკურიანში მზიანი ამინდი იყო. დიდველის ტრასაზე გაიმართა სკი კროსის კვალიფიკაცია, სადაც ქართველმა მოთხილამურეებმა იასპარეზეს. კვალიფიკაციაში 14 ქვეყნის 61 სპორტსმენი გამოვიდა, გამოვლინდნენ ლიდერები: ქალთა შორის 1-ლი კანადელი მარიელე ტომსონი , მე-2 შვედი სანდრა ნისლანდი და მე-3 გერმანელი დანიელა მეიერი.
კაცთა შორის სამეული ასე გადანაწილდა – იაპონელი სატოში ფურუნო, შვედი დევიდ მობერგი და კანადელი იარედ შმიდტი.
ქართველმა მოთხილამურემ – დავით თედიაშვილმა 32-ე ადგილი დაიკავა და ამით ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ლაშა კურტანიძე 37-ე იყო, ბექა ბერძენიშვილი კი 38-ე ადგილზე გავიდა, სამწუხაროდ ისინი ვერ შევიდნენ საუკეთესო სპორტსმენთა 32-ეულში და ფინალში ვერ გადავიდნენ.
25 თებერვალი ბაკურიანში კოხტა გორას ფერდობზე მოგულის ფინალური შეჯიბრება გაიმართა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის ფრანგი ფერინე ლეფონტი გახდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელები ამერიკელი ჯელინ კეუფი და ავსტრიელი ევიტალ კეროლი გახდნენ.
ვაჟთა შორის კი პირველი სამეული ასე გადანაწილდა: – 1. კანადელი მიკაელ კინსბერი 2. ავსტრალიელი მატ გრეჰემი 3. შვედი ვოლტერ ვოლბერგი.
26 თებერვალი – დიდველის ფერდობზე მსოფლიო ჩემპიონატის სკი კროსის ფინალი გაიმართა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის შვედი სანდრა ნესლანდი გახდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ავსტრიელმა კატრინ ოფნერმა და შვეიცარიელმა ფანი სმიტმა მოიპოვეს.
ვაჟთა შორის კი პირველი სამეული ასე გადანაწილდა: – 1. იტალიელი სიმონე დერომედისი 2. გერმანელი ფლორიან ვილმენი 3. შვედი ერიკ მობერგი.
დილას დაგეგმილი ქალთა სკი სლოუფსთაილისა და სნოუბორდის კვალიფიკაცია ძლიერი ქარის გამო გადაიდო.
დღესვე, შუადღისას გუნდური სკი კროსის ფინალიც წარმატებით ჩატარდა. მსოფლიო ჩემპიონი შვედეთის ნაკრები გახდა, ვერცხლის მედალი კანადის გუნდმა მოიპოვა და იტალიელები ბრინჯაოს დასჯერდნენ.
27 თებერვალი – დიდველის ტრასაზე ქალთა ფრისკი და სნოუბორდის სლოუფსთაილების კვალიფიკაციებით დაიწყო, სადაც 3-3 ლიდერი გამოვლინდა.
შუადღეს კი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სნოუბორდის სლოუფსთაილის ქალთა და მამაკაცთა ფინალები გაიმართა.
ქალ სნოუბორდერებს შორის ოქროს მედალი 16 წლის ინგლისელმა მია ბრუკისმა მოიპოვა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელები: ახალი ზელანდიელი ზოი სადოვსკი სინოტი და იაპონელი მიაბი ონიცუკა გახდნენ.
ვაჟთა შორის კი პირველი სამეული ასე გადანაწილდა: 1. ნორვეგიელი მარკუს კლეველენდი 2. რიომა კიმატა იაპონიიდან 3. კრის კორნინგი.
28 თებერვალი – შუადღეს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფრისკი სლოუფსთაილის ქალთა და მამაკაცთა ფინალები წარმატებით გაიმართა.
ქალ მოთხილამურეებს შორის 2023 წლის ფრისკი სლოუფსთაილის მსოფლიო ჩემპიონი შვეიცარიელი მატილდე გრემუდი გახდა, ვაჟთა შორის კი გაიმარჯვა ნორვეგიელამ ბირკ რუდიმ.
ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ქალთა შორის კანადელმა მეგან ოლდჰემმა და ნორვეგიელმა იოჰანე კილიმ, ვაჟთა შორის კი კრისტიან ნამედელმა და შვეიცარიელმა ანდრი რაგეტლიმ.
1 მარტი – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სნოუბორდ კროსის ქალთა და მამაკაცთა ფინალები წარმატებით გაიმართა.
ქალთა შორის ამ ცისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონი ჩეხი ევა ადამზიკოვა გახდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები: ავსტრალიელი ჯოსი ბეფი და ამერიკელი ლინდსი ჯაკობელისი გახდნენ.
ვაჟთა შორის კი გაიმარჯვა ავსტრიელმა ჯეკობ დუსეკმა, მეორე და მესამე ადგილებზე გერმანელი მარტინ ნორლი და იტალიელი ომარ ვისინტინი გავიდნენ.
დღეს ასევე გაიმართა (ქალთა და მამაკაცთა შორის) ფრისკი და სნოუბორდის ჰალფაიფის კვალიფიკაციები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 70 სპორტსმენიდან გამოვლინდა 3-3 ლიდერი.
ბიგ ეარის სახეობის სპორტსმენებმაც, მათ შორის ნიკა ელოშვილმა და ლუკა ჩოფიკაშვილმა კარგად ივარჯიშეს.
2 მარტი – დღეს, 2 მარტს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდური სნოუბორდ კროსის ფინალი მიუხედავად უამინდობისა წარმატებით გაიმართა.
გაიმარჯვა ინგლისის ნაკრებმა, მეორე და მესამე ადგილებზე ავსტრიისა და საფრანგეთის გუნდები გავიდნენ.
3 მარტი – მსოფლიო ჩემპიონატის სნოუბორდის ჰალფაიფი დიდველის ფერდობზე, მიუხედავად ძლიერი ქარისა, წარმატებით გაიმართა.
ქალთა შორის ამ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონი ჩინელი ქსოტონგი ქეი გახდა, ვერცხლის მედალი კანადელმა ელისაბეტ ჰოსკინგმა მოიპოვა და ბრინჯაოს იაპონელი მითსუკი ონო დასჯერდა.
ვაჟთა შორის კი კორეელმა ჩეუ ლიმ მოიგო, მეორე და მესამე ადგილებზე ავსტრალიელი ვალენტინო გუსელი და შვეიცარიელი ჯან შერერი გავიდნენ.
შუადღეს კი დიდველის ტრასაზევე ჩატარდა ფრისკი ბიგ ეარის კვალიფიკაცია, სადაც ქართველი მოთხილამურე: ნიკა ელოშვილი გამოვიდა. ნიკამ 34-ე ადგილი დაიკავა 20 ქვეყნის 49 მონაწილეს შორის, სამწუხაროდ მან ვერ შეძლო კვალიფიკაციის გავლა და ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდა. ლუკა ჩოფიკაშვილმა კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეჯიბრში მონაწილეობა ვერ მიიღო.
4 მარტი – 2023 წლის ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ფინალები 5 მარტს იყო დაგეგმილი, მაგრამ ამინდის გაუარესების გამო 4 მარტს გადმოიტანეს სამი ფინალი: ფრისკის ჰალფაიფი, ფრისკისა და სნოუბორდის ბიგ ეარები.
დილიდან დიდველზე ფრისკის ჰალფაიფის ფინალები გაიმართა. ამ სახეობაში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ამერიკელი ჰანა ფოლბერი გახდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ინგლისელმა ზო ეტკინმა და კანადელმა რახელ კარკერმა.
ვაჟთა შორის კი სამეული ასე გადანაწილდა: 1. კანადელი ბრენდენ მექი, 2. ფინელი ჯონ სელინენი 3. ამერიკელი ალექს ფერეირა.
სნოუბორდის ბიგ ეარის ფინალები კი ასე დამთავარდა: ქალები – ავსტრიელი ანა გასერი პირველი, იაპონელი მიაბი ონიცუკა მეორე, ავსტრალიელი ტეს ქოდი მესამე. მამაკაცები: 1. იაპონელი ტაიგა ჰასევაგა. 2. ნორვეგიელი მონს როისლანდი. 3. შვეიცარიელი ნიკოლას ჰუბერი.
ფრისკი ბიგ ეარში ქალთა შორის მოიგო ფრანგმა ტეს ლედომ, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ ნორვეგიელი სანდრა ელე და კანადელი მეგან ოლდჰემი.
ვაჟთა შორის კი ამ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ამერიკელი ტროი პოდმილსაკი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ავსტრიელმა ლუკას მულაუერმა და ნორვეგიელმა ბირკ რუდმა.
ამით დასრულდა 2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში.
გისურვებთ სასიამოვნო გაზაფხულს!