book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

სტარტის ხმა ბაკურიანში

როდესაც ეკა გაბაშვილმა, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ბაკურიანში გასამართ სკი-კროსსა და სნოუბორდ კროსში მსოფლიო თასის  ეტაპებზე სტატიის დაწერა შემომთავაზა, ვიფიქრე – რატომაც არა, პოეზია და თოვლი ხომ არც თუ ისე შორს არიან ერთმანეთისგან, წესით არ უნდა გამიჭირდეს, მაგრამ მაინც რთული და საპასუხისმგებლო ამბავია დაწერო სპორტზე, მსოფლიო მასშტაბის ტურნირზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა საქართველოში.

მაშ ასე, მოდი დავიწყოთ, ოღონდ ცოტა შორიდან.სანამ გუდაურს, როგორც სამთო-სათხილამურო კუროტს აღმოაჩენდნენ, მანამდე მე-20 საუკუნის 20-იანი, 30-იანი წლების ბაკურიანი იყო, ჯერ თავისი კოხტათი, მერე მიტარბითა და „ტატრათი“, ბოლოს კი დიდველით.

მე 20 საუკუნის 20-იან წლებში, ბაკურიანში თხილამურების პირველ, რკალისებურ კვალს ნიკო ნიკოლაძის ვაჟი გიორგი ნიკოლაძე ტოვებს.

ვისაც გაუკვალავ თოვლში საკუთარი თხილამურის პირველი მოხვევის ხმა გაუგია, ის აუცილებლად მიხვდება ამ ხმისა და მოხვევის მნიშვნელობას,რადგან შემდეგ ამ ადგილზე, როგორც წესი აუცილებლად სხვები მოდიან და მკვიდრდებიან, ამ გაუკვალავს უკვე საკუთარი თხილამურებით გატკეპნიან და ბუნებრივად სათხილამურო ტრასად გადააქცევენ.

ასეთივეა ბაკურიანის სათხილამურო ტრასების შექმნის ისტორიაც.გამოჩენილი მეცნიერი, მეტალურგი და მათემატიკოსი, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი, 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ჯერ პირველ ქართულ  სატანვარჯიშო საზოგადოებას „შევარდენს“ აფუძნებს, შემდეგ საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებას.

1923 წელს სათავეში უდგას მყინვარწვერზე ქართველ მთამსვლელთა პირველ ექსპედიაციას, რომელშიც სხვათა შორის 5 ქალი იღებდა მონაწილეობას.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ გიორგი ნიკოლაძე დიდი კაცი იყო, გზამკვლევი, როგორც მეცნიერებაში, ისე სპორტში და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ლინგვისტიკაში.

ერთი მხრივ რომ ფეროშენადნობთა ღუმელს აპროექტებდა,მეორე მხრივ ქართულ ენაში იგონებდა და ამკვიდრებდა ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: ელჭექი, ჯვარედინი, წნევა, დენი, მთამსვლელობა, ნათურა, ხრახნი,სინჯარა, მსაჯი და კიდევ მრავალი სხვა.

ეს კაცი იმიტომ გავიხსენეთ, რომ დღევანდელი ჩვენი სიხარულის ერთგვარი უხილავი ფუძემდებელია, ასეთ ხალხზე დგას ჩვენი სპორტისა და მეცნიერების ისტორია.

გიორგი ნიკოლაძის თხილამურის პირველი მოხვევების ხმას უკან, რეტროსპექტულად რომ გავყვეთ, ანუ აწმყოდან წარსულისაკენ -1902 წელს ლიკანისა და პატარა ცემის იდუმალ ნაძვნარში ე.წ. „კუკუშკის“ ცნობილი საყვირის პირველ ხმას გავიგონებთ, ჯერ კიდევ მაშინ, დღევანდელი დღის შესაძლებლობის პირველ მაუწყებელს.

ეს ხმა 120 წელია უკივის და აფხიზლებს ხეობის დაბურულ ტყეებში ჩაფლულ პატარა სოფლებს, 120 წელია საფოსტო ვაგონით მიაქვს გაზეთი, წიგნი, წერილი, მედიკამენტი.

საუკუნეს გადაცილებულმა უნიკალურმა „კუკუშკამ“ გზაზე ასეთივე უნიკალური ეიფელის ხიდი უნდა გაიაროს. თავად „კუკუშკაც“ ხომ უკვე ამგვარი ხიდია, რომელიც არა მარტო სივრცეში, არამედ დროშია გადებული და ერთმანეთთან მეცხრამეტე, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებს აკავშირებს.

სკი კროსსა და სნოუბორდ კროსში მსოფლიო თასის ეტაპზე ფიქრი, რომელმაც სტარტი სკი კროსში 26 თებერვალს აიღო, ხოლო სნოუბორდ კროსში 3 მარტს, უფრო მეტად ამკვეთრებს, კრავს და მთლიანობაში წარმოაჩენს ბაკურიანის ისტორიას, მის ფუნქციასა და მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

26 თებერვალს არანაკლებ ისტორიული ხმა გაისმა ბაკურიანისთვის,მთელი საქართველოსთვის, საქართველოს ზამთრის კურორტებისთვის, მთლიანად სამთო-სათხილამურო სპორტისთვის და ტურიზმისთვის.

ეს ხმა პირველებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მოთხილამურეებმა გაიგეს, ეს სტარტის მაუწყებელი ნიშანი იყო,გნებავთ სიგნალი.

ხსენებულ ხმას აუცილებლად მოყვება მრავალმილიონიან მსოფლიო სათხილამურო ოჯახში საქართველოს ცნობადობის ამაღლება,რაც, ვფიქრობთ აუცილებლად აისახება ჩვენს სამთო ტურიზმზე, რომელიც სამწუხაროდ სულს ღაფავს შარშან და წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო.

ამ ხმას იმედია გაიგებენ ჩვენი სხვა სამთო კურორტებიც: გუდაური, მესტია, მულახი, გოდერძი.

ეკა გაბაშვილს ვკითხე, თუ რა არის საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მთავრი მამოძრავებელი, ერთგვარი კრედო, თუ როგორ შეიძლება ვთქვათ, გამოვხატოთ ის სიტყვაში, ენაში. მისი პასუხი ასეთი იყო: „მილიონი ქართველი თხილამურზე“.

ასე რომ ამ ხმას იმედია ნელ-ნელა, მაგრამ შეუქცევადად გაიგებს მილიონი ქართველიც, რომლის თხილამურზე დგომაც ნიშნავს იმას რომ, ეს ხმა მანამდე უნდა გაიგოს სახელმწიფომ, განათლების სექტორმა, რომ ჩვენი მთის რეგიონების სკოლებში (ზემო და ქვემო სვანეთი, რაჭა, მთიულეთი, ხევი, ხევსურეთი, ზემო აჭარა, თუშეთი, თუ იქ ოდესმე გაიხსნება სკოლები) აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ცალკე საგნად, არამარტო თხილამურებზე დგომა, არამედ  მთაში ქცევისა და უსაფრთხოების წესები. ეს ცოდნა შესაძლებლობას მისცემს მთის ახალგაზრდობას დამაგრდნენ და დასაქმდნენ მთაში გიდებად, გამყოლებად,მაშველებად, სკოლებში ამავე საგნის მასწავლებლებად.

ეს ხმა აუცილებლად უფრო მეტად გაძლიერდება 2023 წელს ბაკურიანში თხილამურისა და სნოუბორდის თავისუფალი სტილით სრიალის ჩემპიონატზე.

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს სათხილამურო ფედერაციას, რომელმაც უმასპინძლა და უზრუნველყო მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრი,

შეიძინა მსგავსი ტურნირების მართვის უნიკალური გამოცდილება,რომელსაც აუცილებლად განავრცობს და განავითარებს.

ამის იმედს კი გვაძლევს ის ფაქტი, რომ კომპანია სილქნეტის მიერ მარავალი წლის მანძილზე მხარდაჭერილ სათხილამურო სპორტს, ნელ-ნელა სხვა კომპანიებიც მიაპყრობენ ყურადღებას, რისი პრეცედენტიც უკვე ბაკურიანში გამართულ წლევანდელ მსოფლიო თასის ეტაპზე შედგა.

 

ჩვენ უკვე ვნახეთ წელს მსოფლიოს წამყვან სპორტულ არხებზე ბაკურიანის მშობლიური თოვლიანი ხედები, ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ მსგავს ტურნირებზე უკვე ქართველი სპორტსმენებიც ვიხილოთ და მათ მთელი არსებით ვუგულშემატკივროთ.

სტატიის ავტორი: რატი ამაღლობელი