|
სამთო მოთხილამურეებმა სეზონს თვალი გადაავლეს
24 საათი 13.04.10
საქართველოს სამთო სათხილამურო ფედერაციის სათავეში მოსვლიდან დღემდე ხელმძღვანელობამ შეიმუშავა სამოქმედო სტრატეგია და მისი განხორციელება დაიწყო. პრესკონფერენციაზე არც გაწეული სამუშაოს ნაკლოვანებები დაუფარავთ და მომავალში მათი გაუმჯობესების პირობაც დადეს. მანამდე კი საქართველოს ჩემპიონატი ექვს ეტაპად დაყვეს და 6 იანვრიდან 10 აპრილამდე გუდაურსა და ბაკურიანში ახალგაზრდა მოთხილამურეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება მისცეს. დასრულებული სეზონისთვის თვალის გადავლებით გამოიკვეთა 5-6 მოთხილამურე, რომლებიც ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიების მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ჩემპიონატის მსვლელობის დროს სათხილამურო ფედერაციამ მოიწვია ევროპაში სერტიფიცირებული იტალიელი მწვრთნელი ჯორჯიო კომპანიონი, რომელიც, ქართველ თანაშემწეებთან ერთად, მოზარდ სპორტსმენებს ამზადებდა. საქართველოს ჩემპიონატის მსვლელობისას მოთხილამურეებმა იასპარეზეს იტალიაში, მსოფლიო მნიშვნელობის ტურნირებში - "ტოპოლინო" და "პინოქიო". უცხოელი სპეციალისტების დახმარებით ქართველ ინსტრუქტორებს ჩაუტარდათ მასტერკლასი, გუდაურსა და ბაკურიანში მათვე უზრუნველყვეს ტრასების ჰომოლოგაცია-სერტიფიცირება. ეს ლიცენზიები მომავალში საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად გამოდგება. საქართველოს სამთო სათხილამურო ფედერაცია ზაფხულისთვის გეგმავს, წარჩინებული ახალგაზრდა სპორტსმენები ავსტრიასა და იტალიაში საწვრთნელ შეკრებებზე გაგზავნოს. გათვალისწინებულია კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქართველი მწვრთნელების ევროპულ სათხილამურო სკოლებში მივლინებაც. სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/sport/2010-04-13/5337.html |
||