Press relize

12 აპრილს 16 საათზე, საასტუმრო Radisson “ივერია”-ში, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართება პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

 

საქართველოს სამთო სათხილამურო ფედერაცია, ახალი სტრატეგიით, სტრუქტურით და შემადგენლობით,  მაისის თვიდან ფუნქციონირებს. ამ ხნის მანძილზე ქართული სათხილამურო სპორტის განვითარებისათვის ბევრი რამ გაკეთდა. მათ შორის ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 6 ეტაპად, რომელმაც სტარტი 6-7 იანვრიდან აიღო და 10 აპრილს გუდაურში, საზეიმო ცერემონიით დასრულდა.

 

სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, ჩემპიონატის მსვლელობის დროს, მოწვეული იყო ევროპაში სერტიფიცირებული იტალიელი მწვრთნელი ჯორჯიო კომპანიონი, რომელიც ქართველ ასისტენტებთან ერთად, მოზარდ სპორტსმენებს ამზადებდა.

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჩემპიონატის მსვლელობის პერიოდში,  მოზარდმა სპორტსმენებმა, ისეთ მსოფლიო მნიშვნელობის ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა, როგორიც არის “ტოპოლინო” და “პინოქიო”. ამ ტურნირებში მონაწილეობის მიღება, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებისათვის პროფესიული განვითარებისა და მსოფლიო სათხილამურო სპორტში ინტეგრირებისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.

 

საქართველოს სათხილამური სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ევროპაში ლიცენზირებულმა მწვრთნელმა, ქართველი ინსტრუქტორებისათვის მასტერკლასი ჩაატარა, რომლის ორგანიზებაც ასევე საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ ითავა.

 

ასევე ფედერაციამ, უზრუნველყო უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, ბაკურიანისა და გუდაურის ტრასების ჰომოლოგაცია-სერტიფიცირებისთვის. ლიცენზიები საშუალებას იძლევა მომავალში მსოფლიო დონის ტურნირების ჩატარების და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან, ანუ “FIS” –სთან  თანამშრომლობისათვის.

 

      საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაცია, ზაფხულისთვის გეგმავს წარჩინებული ახალგაზრდა სპორტსმენების ავსტრიასა და იტალიაში გაგზავნასა და წვრთნების ჩატარებას, სადაც ქართველ მოზარდებს საშუალება ექნებათ ევროპის მყინვარებზე ივარჯიშონ. ასევე იგეგმება ქართველი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ევროპაში გაგზავნა, რაც სამომავლოდ  ხელს შეუწყობს, საქართველოში სათხილამურო სპორტის განვითარებას.

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2009 | საქართველოს სათხილამურო ფედერაცია
დამზადებულია ITDC-ს მიერ