ქართული ამბები

22 May '19

2018-2019 წლის სათხილამურო სეზონის შეჯამება

წელს გუდაურმა პირველად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით გამართულ რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლა. გაიმართა სნოუბორდ ქროსისა და სქი ქროსის ევროპის თასის ეტაპები, ასევე სარეიტინგო შეჯიბრებები. საქართველოს 150-მდე უცხოელი სპორტსმენი ესტუმრა.  

შეჯიბრებები მაღალ დონეზე ჩატარდა და უცხოელი ექსპერტების მიერ დადებითი შეფასება დაიმსახურა. მოსამზადებელი პროცესი რამდენიმე თვე გრძელებოდა. მასში ჩართული იყვნენ ყოფილი და ამჟამინდელი ნაკრების წევრები, რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლები, გუდაურის მოსახლეობა და მოხალისეთა ჯგუფები.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით საერთაშორისო შეჯიბრებების წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის,  მოხალისეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიება 21 მაისს სასტუმრო „რადისონში“ გაიმართა.

მომავალ,  2019-2020 წლის ზამთრის სეზონზე საქართველოში  მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება, სადაც უფრო მეტი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას.  2023 წელს კი, ბაკურიანში ფრისტაილის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.