ქართული ამბები

18 Mar '19

გუდაურში FIS ევროპის თასის ეტაპები სნოუბორდსა და სკი კროსში დასრულდა

ორი კვირის განმვალობაში გუდაური სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულების და სპორტსმენების ყურადღების ეპიცენტრში იყო მოქცეული. 15 ქვეყნის, 150 მდე  მდე სპორტსმენი საქართველოს ეწვია, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ევროპის თასის ეტაპებში მონაწილეობის მისაღებად. ეტაპები და სარეიტინგო შეჯიბრები სნოუბორდ ქროსში და სქი ქროსში გაიმართა.

„ძალიან მიხარია, რომ გუდაურში ასეთი წარმატებით ჩატარდა ორივე ეტაპი, სნოუბორდ ქროსში და სქი კქროსში. კიდევ ერთი ტესტი გავიარეთ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე.  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ დიდი ნდობა გამოგვიცხადა. ბევრი თაობის ოცნება ახდა და უკვე ფაქტია, რომ საქართველო მსოფლიო დონის შეჯიბრებებს მასპინძლობს.  ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ამ სპორტის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.“ - გიორგი რამიშვილი, სათხილამურო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.

ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო  რუკაზე საქართველომ საპატიო ადგილი გასულ წელს დაიკავა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა.   2023 წელს  სწორედ საქართველოში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. მანამდე კი, ვადლებულების თანახმად, აქ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS) ევროპის თასის ეტაპებს ჩაატარებს.  გასულ წელს, ბაკურიანში, პირველად ჩატარდა ეტაპები სქი ქროსში. 2019 წლის სეზონი  დატვირთული იყო გუდაურისთვის, სადაც სათხილამურო სპორტში მოწინავე ქვეყნების სპორტსმენებმა  მოიყარეს თავი. ორი კვირის მანძილზე გუდაურში ვარჯიშობდნენ და ასპარეზობდნენ მოთხილამურეები და სნოუბორდისტები ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან,  საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან და სხვ.   უნდა აღინიშნოს, რომ ორივე დისციპლინის ეტაპებმა FIS-ის დელეგატების მხრიდან, ასევე მწვრთნელებისა და თავად სპორტსმენების მხრიდან, უაღრესად დადებითი შეფასებები დაიმსახურა ორგანიზებით კუთხით.

თოვლმა და ამინდმა ხელი შეგვიწყო და ორივე დისციპლინაში შეჯიბრება წარმატებით ჩავატარეთ.  სპორტსმენებს საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოვლენის შანსი ჰქონდათ. ტექნიკური ტრასები იყო, ევროპის თასის სტანდარტების შესაბამისი. ძალიან კარგად ორგანიზებული იყო ყველა საშეჯიბრო დღე.  მადლობა ყველას ვინც გვეხმარებოდა, რომ ეს ტურნირები უნაკლოდ ჩატარებულიყო.„  - კლაუს ვალდნერი, FIS-ის დელეგატი და შეჯიბრებების ხელმძღვანელი.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თანამშრომლებს, შეჯიბრების მომზადებაში 40- მდე მოხალისე ეხმარებოდა.  სწორედ მათი ერთობლივი,   დაუზოგავი შრომის შედეგია, ის რომ მსოფლიო მასშტაბის ტურნირი საქართველოში  წარმატებით ჩატარდა.

სნოუბორდ ქროსი და სქი ქროსი ფრისტაილის დისციპლინებია. შეჯიბრისას ტრასაში ოთხი სპორტსმენი ერთდოულად ეშვება და სპეციფიკური ტრასის გავლას უმოკლეს დროში ცდილობს, რის შედეგადაც საკმაოდ დაძაბული და ამავე დროს აზარტული სანახაობა იქმნება.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ კროსის და სკი კროსის ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის,  მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა  და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

FIS-ის ევროპის თასის ეტაპის მეორე საშეჯიბრო დღის გამარჯვებულები სქი ქროსის დისციპლინაში კანადელი მიკაილა მარტინი (Mikayla Martin) და ფრანგი იური დუპლესი კერომარდი (Youri Duplessis Kergomard) გახდნენ.

დანარჩენი საპრიზო ადგილები კი, ასე გადანაწილდა :

II ადგილი

ქალთა შორის -  ნიკოლ კუჩეროვა (Nikol Kucerova), ჩეხეთი;

ვაჟთა შორის -  ტიმ ჰრონეკი (Tim Hronek), გერმანია;

III ადგილი  

ქალთა შორის -  ეკატერინა მალცევა (Ekaterina Maltseva), რუსეთი;

ვაჟთა შორის -  ტომ ბონეფონდი(Tom Bonnefond),საფრანგეთი;

IV ადგილი  

ქალთა შორის - ზოე ჩორი (Zoe Chore), კანადა;

ვაჟთა შორის -  ჟილ მარტინი (Gil Martin), შვეიცარია.