ქართული ამბები

16 Mar '19

დღეს გუდაურში FIS-ის სქი ქროსის ევროპის თასის ეტაპი გაიმართა

დღეს FIS-ის ევროპის თასის ეტაპი ქალებსა და ვაჟებს შორის წარმატებით ჩატარდა.

შეჯიბრებაში 13 ქვეყნის, მათ შორის ამერიკის, კანადის, ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის 62 სპორტსმენმა (20 ქალი და 46 ვაჟი) იასპარეზა. ტურნირში ასევე მონაწილეობა მიიღო ერთმა ქართველმა ვაჟმა მოთხილამურემ - დავით თედიაშვილმა, რომელმაც კვალიფიკაცია გაიარა და მოხვდა საუკეთესოთა 32 მოთხილამურეს შორის.

ქალთა და ვაჟთა შორის რუსი სპორტსმენები ეკატერინა მალცევა (Ekaterina Maltseva) და იგორ ომელინი (Igor Omelin) გახდნენ გამარჯვებულები.

დანარჩენი საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა :

II ადგილი

ქალთა შორის - ჩეხი ნიკოლ კუცეროვა (Nikol Kucerova)

ვაჟთა შორის - კანადელი ზაჩ ბელზიკი (Zach Belczyk)

III ადგილი

ქალთა შორის - ავსტრიელი ლისა აისენბეტლი (Lisa Eisenbeitl)

ვაჟთა შორის - ფრანგი ტომ ბონეფონდი (Tom Bonnefond)

IV ადგილი - ქალთა შორის - კანადელი მიკაილა მარტინი (Mikayla Martin)

ვაჟთა შორის - გერმანელი კორნელ რენი (Cornel Renn)

ეკატერინა მალცევა: -

,,საშეჯიბრო ტრასა ძალიან მომეწონა, უბრალოდ ძალიან თბილოდა, რბილი თოვლია, ამიტომ ასპარეზობა ცოტა საშიში იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შეჯიბრებაზე ბევრი ძლიერი მოთხილამურე გამოდიოდა, მოგება არ გამჭირვებია, ყველა ცდაზე ვლიდერობდი, ვერავინ დამეწია. აქ ძალიან ლამაზია ყველაფერი, იმედი მაქვს კიდევ ჩამოვალ საქართველოში.“

 

 იგორ ომელინი:

-,,ევროპის თასის ეტაპი პირველად მოვიგე. ჩემთვის ეს მოგება ორმაგად სასიხარულოა, რადგან ეს საქართველოში შევძელი. საქართველომ ძალიან კარგად მიგვიღო, შეჯიბრება მაღალ დონეზეა ორგანიზებული, ტრასა კარგია. იმედი მაქვს მომავალ წელსაც ჩამოვალ. საქართველოში პირველად ვარ, ძალიან მომეწონა გუდაური, ლამაზია აქაურობა, თბილა. განსაკუთრებით მომეწონა ქართული სამზარეულო, საოცრად გემრიელი საჭმელები გაქვთ.“

ხვალ, 17 მარტს გუდაურში FIS-ის ევროპის თასის ეტაპი გაიმართება და ამით დასრულდება სამდღიანი ტურნირი.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართული ევროპის თასის ეტაპები და სარეიტინგო შეჯიბრებები სნოუბორდ კროსში და სკი კროსში, საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ტარდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის ვებ გვერდს : www.gsf.ge