ქართული ამბები

14 Mar '19

გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედრაციის (FIS) ეტაპებს კვლავ უმასპინძლებს

15-17 მარტს გუდაური ისევ დარჩება სათხილამურო სპორტის მოყვარულების ყურადღების ცენტრში. ამჯერად, აქ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სარეიტინგო შეჯიბრება და ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სქი ქროსის სახეობაში.

სქი ქროსი ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინაა.

შეჯიბრისას ოთხი სპორტსმენი ერთდროულად იღებს სტარტს და სხვადასხვა დაბრკოლებებიანი, სპეციფიკური ტრასის გავლას მინიმალურ დროში ცდილობს. 

შეჯიბრებაში 13 ქვეყნის, მათ შორის ამერიკის, კანადის, ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის 62 სპორტსმენი (19 ქალი და 43 ვაჟი) მიიღებს მონაწიელობას.

პირველ დღეს FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრება გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის.

16-17 მარტს კი FIS-ის ევროპის თასის ეტაპები.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გუდაურში წარმატებით ჩატარდა სამდღიანი ტურნირი სნოუბორდ ქროსში.  ღონისძიებამ უაღრესად დადებითი შეფასებები დაიმსახურა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატების, სხვადასხვა ქვეყნის მწვრთნელებისა და თავად მოთხილამურეების მხრიდან. 

როგორც ცნობილია, 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.  მანამდე კი, საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას, აღებული აქვს ვალდებულება 4 წლის მანძილზე სხვადასხვა სამთო კურორტებზე, მსავსი შეჯიბრებები გამართოს. ამიტომაც, მათი მაღალ დონეზე ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართული ევროპის თასის ეტაპები და სარეიტინგო შეჯიბრები სნოუბორდ კროსში და სკი კროსში, საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ტარდება.

საორგანიზაციო საკითხების მაღალ დონეზე მომზადების პროცესში ჩართული არიან ყოფილი და ამჟამინდელი ნაკრების წევრები, რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლები, გუდაურის მოსახლეობა და მოხალისეთა ჯგუფები.  

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის ვებ გვერდს : www.gsf.ge

საკონტაქტო პირი - სოფო ახმეტელი 577 47 77 01