ქართული ამბები

6 Mar '19

დღეს გუდაურში სპორტსმენებმა საშეჯიბრო ტრასა შეამოწმეს

8-9 მარტს გუდაურში პირველად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სნოუბორდ კროსში. 10 მარტს კი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS RACE) ეგიდით სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი.

დღეს მზიანმა ამინდმა და თოვლის კარგმა ხარისხმა ორგანიზატორებსა და სპორტსმენებს ხელი შეუწყო, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩატარებულიყო.

,,კუდების“ ფერდობზე 15 ქვეყნის 62 სპორტსმენი სნოუბორდ კროსის ტრასაზე პირველად დაეშვა. დღესვე მსაჯებმა პირველი ინსტრუქტაჟი გაიარეს.

საღამოს 19:00 სთ.ზე სასტუმრო ,,ალპინაში“ ნაკრები გუნდების კაპიტნების შეხვედრა გაიმართა. მათ მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა - ეკატერინე გაბაშვილმა მიმართა. მან უცხოელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.

ხვალ, 7 მარტს ოფიციალური ვარჯიში გაიმართება.