მსოფლიო ამბები

18 Feb '19

მიკაელა შიფრინი და მარსელ ჰირშერი კიდევ ერთხელ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები

16-17 თებერვალს ორეში მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი  - ქალთა და ვაჟთა სლალომის შეჯიბრებები გაიმართა.

ქალთა შორის ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა მეოთხედ მოიპოვა სლალომში მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული, შვედმა ანა სვენ ლარსონმა მეორე ადგილი დაიკავა, მან შვედეთის ნაკრებიდან პირველმა მოიპოვა მედალი. სლოვაკი პეტრა ვლხოვა მესამე ადგილზე გავიდა. პირველ ცდაზე ორი ოქროს მედლის მფლობელი შვეიცარიელი ვენდი ჰოლდნერი ლიდერობდა, სამწუხაროდ, მან მეორე ცდაზე ტრასა ვერ დაასრულა.

ვაჟთა შორის  საუკეთესო სამეული ავსტრიელებმა გადაინაწილეს. პირველი - მარსელ ჰირშერი, მეორე - მიხაილ მატი და მესამე - მარკო შვარცი. ჰირშერმა ავსტრიას მოუტანა ნანატრი ოქროს მედალი. ჰირშერი თავის კარიერაში მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ამით მან ტონი ზაილერის რეკორდი გაიმეორა.

სლალომის შეჯიბრებებზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ნინო წიკლაურმა და იასონ აბრამაშვილმა იასპარეზეს. ნინო და იასონი, სამწუხაროდ, პირველ ცდაში გამოეთიშნენ ასპარეზობას. წინა დღეს, ვაჟთა საკვალიფიკაციო შეჯიბრზე, იასონმა 23-ე ადგილი დაიკავა და კვალიფიკაცია გაიარა. ალექსი ბენიაიძე, სოსო და ბესარიონ ჯაფარიძეები კი, სამწუხაროდ, ასპარეზობას გამოეთიშნენ.

გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე ნორვეგია და შვეიცარია გავიდა. ამერიკამ და ავსტრიამ კი მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს.

2019 წლის ორეს მსოფლიო ჩემპიონატი შევიდა ისტორიაში, როგორც საინტერესო შეჯიბრებებით, ასევე ლეგენდარული ვარკვლავების კარიერის დასრულებით. შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი 2021 წელს კორტინა დამპეცოში გაიმართება, მანამდე კი 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშება გრძელდება და 19 თებერვალს სტოკჰოლმში საქალაქო შეჯიბრება ჩატარდება.