მსოფლიო ამბები

11 Feb '19

ილკა შტუჰეცმა სწრაფდაშვების ოქროს მედალი მოიპოვა

10 თებერვალს ორეში ქალთა სწრაფდაშვება გაიმართა. მთელი ღამის თოვის გამო, ორგანიზატორებს დიდი მუშაობის ჩატარება მოუწიათ, რომ შეჯიბრება დროულად და წარმატებით ჩატარებულიყო. მთის ზედა მხარეს ამინდი ცუდი იყო, ამიტომ სტარტი დაწიეს და შეჯიბრების ტრასის სიგრძე დამოკლდა. 

დღის მთავარი თემა ამერიკელი, ლეგენდარული ლინდსი ვონის ასპარეზობა იყო. მან, როგორც აკსელ ლუნდ სვინდალმა მსოფლიო ჩემპიონატის მედლის მოპოვებით დაასრულა თავისი კარიერა. (ბრინჯაო მოიპოვა.)

ლინდსი ვონი: -,,ყველამ იცის ჩემი ამჟამინდელი ფიზიკური მდგომარეობა, ყოველთვის ყველაფერს ვრისკავ, ეს იყო მიზეზი ჩემი კარგი შედეგების, ასევე ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბევრჯერ ვეცემოდი და ამდენი ტრავმები მქონდა. დღესაც ბოლომდე გავრისკე, მთელი დღე ვნერვიულობდი და ვშფოთავდი. მინდოდა ძლიერად მეასპარეზა და არა ისე, როგორც ხუთშაბათს.“

ლინდსი ვონი პირველი ქალი სამთო-მოთხილამურეა, რომელმაც 34 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა, მან ასევე თავის კარიერის განმავლობაში შეძლო, რომ ექვსივე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მოეპოვებინა, რაც აქამდე ვერცერთმა ქალმა მოთხილამურემ ვერ შეძლო.

სლოვენიელი ილკა შტუჰეცი პირველად მსოფლიო ჩემპიონი სანტ მორიცში გახდა, მან ტრავმის შემდეგ მოახერხა, რომ ეს ტიტული შეენარჩუნებინა და გამარჯვება ეზეიმა. ესეთი რამ 1989 წლის შემდეგ პირველად განმეორდა. 

ილკა შტუჰეცი: -,,არ იყო ცუდი დაშვება. ემოციებით სავსე ვარ, დრო მჭირდება ამ ყველაფრის გასაანალიზებლად. ეს იყო ახალი დღე, ახალი შანსი. ყველამ ნულიდან დავიწყეთ და აქამდე მოვედით. ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე და როგორც გამოჩნდა ეს საკმარისი იყო.“

ვერცხლის მედლის მფლობელი, ახალი სწრაფი ვარსკვლავი, შვეიცარიელი კორინ სუტერი გახდა. მან მანამდე სუპერგიგანტის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე ცოტა ხნის წინ შეძლო მსოფლიო თასის ეტაპზე პირველად ასულიყო პედიესტალზე.

კორინ სუტერი: -,,თავს უკეთ ვგრძნობ. სუპერგიგანტის ბრინჯაოს მოგება ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. დღეს მედალს კი ველოდი, მაგრამ არც ისე კარგად ვისრიალე და მეორე ადგილით ძალიან გახარებული ვარ.“