მსოფლიო ამბები

10 Feb '19

სწრაფდაშვების მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული კეტილ იანსრუდმა მოიპოვა

9 თებერვალს ორეში ვაჟთა სწრაფდაშვების შეჯიბრება რთულ მეტეო პირობებში გაიმართა. დილიდან იყო ნისლი და თოვა, ამიტომ შეჯიბრება 1 სთ.-ის დაგვიანებით დაიწყო. ნორვეგიელი კეტილ იანსრუდი თავის კარიერის განმავლობაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აკსელ ლუნდ სვინდალმა და ავსტრიელმა ვინსენტ კრიხმაიერმა მოიპოვეს. ვულოცავთ მისაბაძ სპორსტმენებს ამ დიდ წარმატებას.

ამ სეზონზე კეტილ იანსრუდს სწრაფდაშვება არ გამოსდიოდა კარგად. კეტილმა შარშანდელი ოლიმპიური მედლის შემდეგ ვერც ერთხელ მოახერხა საუკეთესოთა სამეულში შესვლა. მიუხედავად იმისა, რომ  2 კვირის წინ თითზე ოპერაცია გაიკეთა, მან შეძლო თავის კარიერაში  პირველად მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო. ხუთი ოლიმპიური მედლით (მათ შორის ოქრო), სამი მსოფლიო ჩემპიონატის მედლით (მათ შორის ერთი ოროც), იანსრუდი ნორვეგიის სწრაფი სახეობების გუნდის ლიდერი გახდა.

აკსელ ლუნდ სვინდალმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფდაშვების შემდეგ თავის დიდებულ კარიერას დაასრულებდა. მან ძალიან კარგად ისრიალა, მხოლოდ +0.02 წმ. წააგო თავის გუნდელთან. 16 წლის განმავლობაში სვინდალმა უმაღლეს დონეზე ისრიალა, მან ამ ხნის განმავლობაში 11 მსოფლიო თასი (მათ შორის 2 დიდი გლობუსი), მსოფლიო თასის ეტაპებზე 36 გამარჯვება და 80 პოდიუმი, ასევე 4 ოლიმპიური მედალი (მათ შორის 2 ოქროს მედალი) და 9 მსოფლიო ჩემპიონატის მედალი ( მათ შორის 5 ოქროს მედალი) დააგროვა. სვინდალმა მარტო არა როგორც ლეგენდამ სამთო-სათხილამურო სპორტში, არამედ ძალიან კარგმა პიროვნებამ და დედებულმა სპორტსმენმა დაასრულა კარიერა.

მესამე ადგილზე გასულმა ვინსენტ კრიხმაიერმა სუპერგიგანტის ვერცხლის მედლის შემდეგ მეორე მედალი მოიპოვა. შარშანდელ ფინალურ ეტაპებზე მან ორივე სახეობაში მოიპოვა გამარჯვება. მას ორეს ფერდობი და თოვლი ძალიან მოსწონს და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. კრიხმაიერი ცნობილი იყო, როგორც ძალიან ნიჭიერი მოთხილამურე და ახლა დადგა ის მომენტი, როცა მან მაღალ შედეგებს მიაღწია. მას წელს საუკეთესო სეზონი აქვს, სუპერგიგანტში ლიდერია, სწრაფდაშვებაში მეოთხე პოზიციაზეა და მან პირველი 2 მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე.

11 თებერვალს ვაჟთა სამთო-კომბინაცია გაიმართება.