მსოფლიო ამბები

22 იან '19

კორტინა დამპეცოში ქალთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდა

18-20 იანვარს იტალიის ცნობილ და ლამაზ კურორტზე - კორტინა დამპეცოში ქალთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა.

პირველი სწრაფდაშვების შეჯიბრება ავსტრიელმა რამონა ზიბენჰოფერმა მოიგო, მეორე და მესამე ადგილებზე სლოვენიელი ილკა შტუჰეცი და ავსტრიელი სტეფანი ვენიერი გავიდნენ.

სუპერვარსკვლავი ლინდსი ვონი ტრავმის შემდეგ შეჯიბრებებს დაუბრუნდა, მან მე-15 ადგილი დაიკავა და გამარჯვებულთან +1.22 წმ. წააგო.

მეორე სწრაფდაშვებაშიც ისევ ავსტრიელმა - რამონა ზიბენჰოფერმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზეც ავსტრიელი - ნიკოლ შმიდჰოფერი გავიდა და მესამე ადგილი ილკა შტუჰეცმა დაიკავა.

სუპერგიგანტში კი გამარჯვებული მსოფლიო თასის ლიდერი, ამერიკელი მიკაელა შიფრინი გახდა, მან +0.16 წმ. მოუგო მეორე ადგილზე გასულ ტინა ვაირატერს, მესამე ადგილი ავსტრიელმა თამარა ტიპლერმა დაიკავა, მან მხოლოდ +0.02 წმ. წააგო მეორე ადგილთან.

მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში მიკაელა შიფრინი 1494 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზეა სლოვაკი პეტრა ვლჰოვა 898 ქულით და მესამე ადგილზე შვეიცარიელი ვენდი ჰოლდნერია, მას 637 ქულა აქვს.

შემდეგი მსოფლიო თასის ეტაპები 26-27 იანვარს გარმიშ-პარტერკირხენში (გერმანია) გაიმართება.