ქართული ამბები

26 დეკ '18

მესტიაში 2019 წლის სამთო-სათხილამურო თასის პირველი ეტაპი გაიმართა

საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ 21  დეკემბერს, მესტიაში,  2019 წლის ზამთრის სეზონი,  სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპით გახსნა.  შეჯიბრება ჰაწვალის ფერდობზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში ორი დღის განმავლობაში გაიმართა.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თასის ეტაპების გენელარული სპონსორი კომპანია „სილქნეტია, მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და  კომპანია ,,ბორჯომი“.   

მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებეს :

ბავშვები  I,  დაბადების წელი 2005-2006

 ბავშვები II, დაბადების წელი 2003-2004

 მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრებმა გუნდებმა, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. 

2018-2019 წლის ზამთრის სეზონზე სვანეთის, გუდაურის, აჭარის და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ათ-ათ მოთხილამურეს აქვს მოპოვებული უპირატესობა  საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებზე. სწორედ მათ მიეცათ საშუალება ესახელებინათ თავიანთი გუნდები.

პირველ დღეს სლალომი მზიან ამინდში წარმატებით ჩატარდა. გოგონათა შორის გამარჯვებულები გახდნენ: 2005-2006 წწ. დაბადებულთა შორის მარიამ ჯაფარიძე (სვანეთი), 2003-2004 წწ. და.შორის მარიამ ნავერიანი (სვანეთი) და უფროს ასაკის გოგონათა შორის კატო გოცირიძე (თბილისი).

2005-2006 წწ. დაბადებულ ვაჟთა შორის გიორგი გულედანმა (სვანეთი), 2003-2004 წწ. დ. შორის ირაკლი არღვლიანმა (სვანეთი) და უფროს ასაკში ლაშა კურტანიძემ (ბაკურიანი) მოიპოვეს პირველობა.

22 დეკემბერს კი გიგანტური სლალომი ჩატარდა.

2005-2006 წწ. დაბადებულთა შორის ისევ მარიამ ჯაფარიძემ (სვანეთი) და 2003-2004 წწ. და.შორის მარიამ ნავერიანმა (სვანეთი) და უფროს ასაკის გოგონათა შორის კატო გოცირიძემ (თბილისი) გაიმარჯვეს.

2005-2006 წწ. დაბადებულ ვაჟთა შორის ოთარ ხვედელიძე (ბაკურიანი), 2003-2004 წწ. დ. შორის ირაკლი არღვლიანი (სვანეთი) და უფროს ასაკში ლაშა კურტანიძე (ბაკურიანი) გახდნენ ჩემპიონები.

ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში  მოხვედრაში დაეხმარება.  

საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებულები, 22 დეკემბერს მესტიის ცენტრში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიების დროს საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ .

ვულოცავთ ჩვენს მოთხილამურეებს გამარჯვებას!

 

სრული შედეგები იხილეთ ფედერაციის ვებ გვერდზე: www.gsf.ge

 

(c) ფოტო - ამო ქინქლაძე