ქართული ამბები

20 დეკ '18

სამთო-სათხილამურო თასის პირველი ეტაპი

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია 21  დეკემბერს, მესტიაში,  2019 წლის ზამთრის სეზონს,  სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპით გახსნის.   შეჯიბრება აწვალის ფერდობზე სპეციალურ და გიგანტურ სლალომში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ :

ბავშვები  I,  დაბადების წელი 2005-2006

 ბავშვები II, დაბადების წელი 2003-2004

 მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრები გუნდები, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. 

2018-2019 წლის ზამთრის სეზონზე სვანეთის, გუდაურის, აჭარის და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ათ-ათ მოთხილამურეს აქვს მოპოვებული უპირატესობა  საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებზე. სწორედ მათ მიეცემათ საშუალება ასახელონ თავიანთი გუნდები.

ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში  მოხვედრაში დაეხმარება.  

საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებულები, 22 დეკემბერს მესტიის ცენტრში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიების დროს საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან .

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თასის ეტაპების გენელარული სპონსორი კომპანია „სილქნეტია, მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და  კომპანია ,,ბორჯომი“.   

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში, გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით გამართულ შეჯიბრებას და  ევროპის თასის ჩემპიონატს უმასპინძლებს ფრისტაილსა და სნოუბორდში. აღნიშნული შეჯიბრებები ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს, ორ დისციპლინაში გაიმართება გუდაურსა და ბაკურიანში.  ამიტომაც, წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, როგორც მოთხილამურეებისთვის, ასევე, ამ სპორტის ყველა გულშემატკივარისთივის.  



საკონტაქტო პირი - ეკა გაბაშვილი +995 577 500 158