მსოფლიო ამბები

26 ნოე '18

კილინგტონში ფედერიკა ბრინიონემ და მიკაელა შიფრინმა გაიმარჯვეს

24-25 ნოემბერს ქალთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ტექნიკური სახეობების ეტაპები ამერიკაში - კილინგტონში გაიმართა.

ფინიშზე 18 500 გულშემატკივარი შეიკრიბა. პირველ დღეს გიგანტურ სლალომში უძლიერესი აღმოჩნდა იტალიელი ფედერიკა ბრინიონე, რომელმაც მეორე ადგილზე გასულ ნორვეგიელ რაგნილდ მუვინკელს +0.49 წმ. მოუგო. მესამე ადგილზე ავსტრიელი სტეფანი ბრუნერი გავიდა. 

ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა სლალომში პირველობა არავის დაუთმო და ამ სეზონზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილებზე: სლოვაკი პეტრე ვლხოვა და შვედი ფრიდა ჰანსდოთერი გავიდნენ.

მიკაელა შიფრინმა გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადაუხადა. -,,თქვენი გულშემატკივრობის ხმა სტარტზე მესმოდა, ეს ყველაზე მაგარი შეგრძნება იყო, რაც კი განმიცდია. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის!“

შემდეგი ქალთა სწრაფი სახეობები კანადაში - ლეიქ ლუისში 30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს გაიმართება.