მსოფლიო ამბები

9 ოქტ '18

ინტერვიუ ჰენრიკ კრისტოფერსენთან

ახალგაზრდა ნორვეგიელმა ვარსკვლავმა ჰენრიკ კრისტოფერსენმა სამთო-სათხილამურო სფეროში თავისი სიტყვა უკვე თქვა. მას 16 მსოფლიო თასის ეტაპი აქვს მოგებული და 2016 წლის სლალომის თასის მფლობელია. ახლა ჰენრიკი ემზადება მარსელ ჰირშერთან საბრძოლველად და უფრო დიდი წარმატებების მისაღწევად. 2018/19 წლის აუდი FIS-ის სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასი 28 ოქტომბერს ზოლდენში (ავსტრია) გაიხსნება.

24 წლის ჰენრიკი პირველი სამთო-მოთხილამურეა, რომელმაც ერთ სეზონში 4 სლალომის ეტაპი მოიგო: ადელბოდენში, კიცბუელში, შლადმინგში და ვენგენში.

 

ზაფხულში როგორ ვარჯიშობთ?

აპრილის შემდეგ თოვლზე არ ვყოფილვარ. სამთო-სათხილამურო სპორტი ისეთი სპორტია, სადაც აუცილებელია იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი. ზაფხულში ყოველთვის ფიზიკურ ვარჯიშებს ვუთმობ დროს, რაც ზამთარში უკეთ სრიალში მეხმარება. ამ დონის სრიალისთვის საჭიროა ვარჯიში: სისწრაფეზე, გამძლეობაზე, კოორდინაციაზე, ასევე დიდ დროს ვუთმობ ფიზიკურ ვარჯიშს. დავდივარ ველოსიპედით, დავრბივარ და ვცურავ. ვცდილობ სხვადასხვა აქტივობები ვაკეთო, რადგან წელიწადში 350 დღე მიწევს ვარჯიში.

თქვენ  მოტო სპორტიც გიყვართ?

ექვსი წლიდან მოტოსპორტით ვიყავი გატაცებული. ზაფხულში მოტოკროსით ვარ დაკავებული. ახალგაზრდობიდან ჩემს ცხოვრებაში მოტოკროსს დიდი ადგილი უჭირავს, ეს დამეხმარა, რომ მოთხილამურე გავმხდარიყავი.

მოტოკროსი რამდენად გეხმარებათ სრიალში?

ვფიქრობ ესაა ერთ-ერთი ყველაზე ფიზიკური სპორტი. ბევრი რამაა იქ ისეთი, რასაც სრიალში გამოიყენებ, მაგალითად სწორი ხაზის არჩევა და მოძრაობებიც ერთნაირია. ძალიან მეხმარება და თან ძალიან სასიამოვნოა. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მინდოდა მოტოკროსერი გავმხდარიყავი, მაგრამ მერე თხილამურები ვარჩიე. ნორვეგიაში ,,მოხუცი ბიჭების“ მოტოკროსის შეჯიბრებაზე გამოვალ. ესაა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, მამაჩემიცაა ამ სპორტით გატაცებული.

თქვენ ცდილობთ წონაში მომატებას, რატომ გადაწყვიტეთ?

იმიტომ გადავწყვიტე, რომ მქონდეს მეტი ძალა. გიგანტურ სლალომში სიმსუბუქის გამო მქონდა პრობლემები. ამიტომ მინდა წონაში მომატება. მგონი ყველაზე გამხდარი სამთო-მოთხილამურე ვარ, 78 კ. მინდა კუნთების მასის მომატება. ჩემი მეგობარი გოგონა - ტონია დიეტოლოგია და ის მეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში.

რამდენად ძლიერად ვარჯიშობთ იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ შედეგები მომავალი სეზონისთვის?

მინდა ყველაფრის გაუმჯობესება. შარშან მარსელ ჰირშერთან ძალიან ახლოს ვიყავი, ბევრჯერ მეორე ადგილზე გავედი. საუკეთესო სეზონი მქონდა. ამ მომენტში მარსელი ის ბიჭია, რომელიც უშუალოდ ჩემი კონკურენტია და ვეცდები, მასთნ ვიბრძოლო.  მართლა ძნელია რაიმეს შეცვლა. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა.

ყველა სპორტს სჭირდება კონკურენცია, რას ფიქრობთ, თქვენი და ჰირშერის მეტოქეობა რამდენად პოზიტიურია თხილამურებითვის?

ვფიქრობ რომ კი. მეუბნებიან, რომ ბევრ ხალხს აინტერსებს ეტაპების ყურება. ყოველთვის გახსოვს კონკურენცია. ჩემთვის დიდებულია, რომ ყველა დროის საუკეთესო მოთხილამურეების პერიოდში მომიწია სრიალი. რა თქმა უნდა,  ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ჩემზეც იტყვიან იმავეს, მაგრამ ჯერ ამ დონეზე არ ვარ. მჭირდება კიდევ ბევრი შეჯიბრის მოგება, ბრძოლა და ესაა ძალიან კარგი გრძნობა.

მარსელის შეჯიბრებებზე ყოფნა გეხმარებათ?

დიახ, მარსელის გარეშე ასპარეზობა უფრო ადვილი იქნებოდა. მაგარია, როდესაც სტარტზე საუკეთესო მოთხილამურეებთან ერთად დგახარ და ცდილობ მოუგო მათ. თუ შეძელი და მოუგე, ყველაზე კარგი გრძნობაა. ჩვენ ერთმანეთს ვაიძულებთ, რომ „მაგრად მივაწვეთ“, განსაკუთრებით დიდი კონკურენიცაა სლალომში, სადაც სრიალის დონე სულ იზრდება. ეს ყველაფერი მეხმარება სწრაფად სრიალში, მაგრამ მოგება რთულია!

როგორ ურთიერთობაში ხართ მარსელთან?

ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, კარგი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ. ვფიქრობ, რომ ცოტათი ის ჩემში თავის თავს ხედავს. ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა თემაზე  თავისუფლად ლაპარაკი. დიდებულია, როდესაც  შეჯიბრებას იგებ, სტარტზე კი საუკეთესო მოთხილამურეები არიან.

სხვა მოთხილამურეები სტიმულს გაძლევენ, მაგალითად აკსელ ლუნდ სვინდალი?

ასი პროცენტით. აკსელი ძალიან მეხმარება, განსაკუთრებით როცა პატარა ვიყავი. ტრავმის შემდეგ ის როგორც დაბრუნდა, ამით ყველაფერი თქვა. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საუკეთესოდ გამოუვიდეს ის, რაც შეუძლია. მისი დაბრუნება საოცარი იყო. ბევრი ვერც წარმოიდგენს, რამხელა შრომისა და ტკივილის შედეგად დაბრუნდა აკსელი.

სლალომის შეჯიბრება დღის შუქზე გირჩევნიათ თუ ღამის განათებაზე?

შეჯიბრის ჩატარება ღამის განათებაზე ამ სპორტისთვის უკეთესია, რადგან ამ შემთხვევაში შეჯიბრებას ბევრი ადამიანი უყურებს. გარემოც უკეთესია ღამით. ჩემთვის  უკეთესი იქნებოდა, რომ სლალომიც და გიგანტური სლალომიც სულ ღამე ტარდებოდეს. ვფიქრობ, ჩვენ ახალი სახეობები არ გვჭირდება, უბრალოდ საჭიროა, რომ შეჯიბრებების ყურება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. შაბათ-კვირას როცა კარგი ამინდია, ხალხს თვითონ უნდა სრიალი და არა ეტაპის ყურება. ასე ვიყავი მეც პატარაობისას. საღამოს კი ყველას შეუძლია შეჯიბრებაზე დასწრება.

გაწუხებთ თუ არა ის ფაქტი, რომ თქვენი კონკურენტების გულშემატკივრები ზოგჯერ ცუდად იქცევიან, მაგალითად შარშან ასპარეზობისას გუნდები რომ გესროლეს?

სრიალისას შევამჩნიე, რომ გუნდებს მესროდნენ. ამის შესახებ მარსელს ფინიშზე ვუთხარი. მან გაიმარჯვა, მე მისგან შორს ვიყავი. მის დროსთან ჩემი დრო, რომ ახლოს ყოფილიყო, ამაზე ალბათ უფრო მეტს ვიფიქრებდი. საბოლოო ჯამში ეს იყო შემაშფოთებელი და ცოტა უპატივცემულობა. ავსტრიაში ვცხოვრობ, მიყვარს ეს ხალხი და მათი კულტურა. 50 000 ადამიანიდან რამდენიმემ გააკეთა ეს, ავსტრიელ ხალხს კი ეს არ აკნინებს. ეს ცხოვრებაა და ვერ შევცვლით. იმედია ეს აღარასდროს განმეორდება.

ჩვენ ვიცით მრავალი მშობელი ჩართულია შვილის წვრთნაში, თქვენს შემთხვევაში როგორ მუშაობთ მამასთან ერთად?

დიდებულად. მის გარეშე ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ დღეს. ის ყოველთვის მამაჩემია, მაგრამ ამავე დროს რთულია, როცა მისგან მესმის უარყოფითი რაღაცები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ხოლმე პატარა უთანხმოებები, მაგრამ ეს ნორმალურია. არის ხოლმე მძიმე მომენტები, მაგრამ არაფერს არ შევცვლიდი. ალბათ როდესაც შვილები მეყოლება, ის ასწავლის მათაც! სულ ვფიქრობ ხოლმე, შევძლებ თუ არა მეც, რომ ჩემს შვილებს იგივე გავუკეთო? ასი პროცენტით არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მას შეუძლია და ესაა დიდებული რამ.

რომელია თქვენი საყვარელი შეჯიბრებები?

კიცბუელი მომწონს ძალიან. იქ რთული ტრასაა და ვფიქრობ, რომ ყველაზე ცვალებადი სლალომია. ზოლდენის ტრასაც მომწონს, შლადმინგი კი თავისი გარემოთი შესანიშნავია. ჩემთვის ეს სამია უმაგრესი ტრასები.

ვინ არიან თქვენი საყვარელი სპორტსმენი ვარსკვლავები, ვისი ყურებაც მოგწონთ?

მრავალი წელია კენ როკცენის ფანი ვარ. ჩვენ ტოლები ვართ. მე მასავით ჩემს მოტოზე მქონდა ნომერი 94, როდესაც ბავშვი ვიყავი, მას ახლაც  იგივე ნომერი აქვს. იგი ემოციურია  და ვფიქრობ, ეს ასეც უნდა იყოს. ასევე მიყვარს ჯეფრი ჰერლინგის ყურება, ის მომენტებში ფანტასტიკურად სწრაფად დადის ხოლმე, ნინო შურტერიც შესანიშნავია და მასაც ვუყურებ ხოლმე.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.