მსოფლიო ამბები

12 Sep '18

ინტერვიუ სტეფანი ვენიერთან

ავსტრიელი სტეფანი ვენიერი ავსტრიის სწრაფი სახეობების ძლიერი გუნდის წარმომადგენელია. იგი 2019 წლის არეს მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მოსაპოვებლად ემზადება.

 

ევროპის თასის გათამაშებაზე ასპარეზობა რომ დაიწყეთ, თქვენ სწრაფი სახეობები აირჩიეთ. ადვილი გადასაწყვეტი იყო თქვენთვის?

თავიდან ყველა სახეობაში ვასპარეზობდი, მაგრამ ყოველთვის სწრაფი სახეობები მერჩივნა, ასე რომ ადვილად გადავწყვიტე სუპერგიგანტზე და სწრაფდაშვებაზე გამეკეთებინა არჩევანი.

ყველაზე მეტად რა მოგწონთ სუპერგიგანტსა და სწრაფდაშვებაში?

მიყვარს სისწრაფე. ყოველ დაშვებაზე შიშის დაძლევა საინტერესოა.

რომელი სახეობა გირჩევნიათ?

რთულია თქმა, ორივე სუპერგიგანტიც და სწრაფდაშვებაც ძალიან სასიამოვნოა. მირჩევნია ალბათ ის სახეობა, რომელიც ახლა უფრო კარგად გამომდის.

თქვენ მოგიწიათ ასპარეზობა იმ დროში და იმავე სახეობებში, რომელშიც ლინდის ვონი გამოდის. თქვენი აზრით, ვინაა ყველაზე ძლიერი ქალი მოთხილამურე?  ვონი ან ვინმე სხვა მოთხილამურე თქვენთვის მაგალითის მომცემია?

ადრე ჩემი ფავორიტი სპორტსმენები იყვნენ: მიხაელა დორფმაისტერი და ბოდი მილერი. ამჟამად საკუთარი კონცეფცია მაქვს, ჩემი არჩეული გზა წარმატებისკენ, მაგრამ ახლაც მყავს მაგალითის მომცემი სპორტსმენები და არამარტო სათხილამურო სპორტიდან. ჩვენ შეგვიძლია სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლებისგან ვისწავლოთ შეჯიბრისთვის მომზადება და ასევე აღდგენითი ვარჯიშები.

ასპარეზობა ისეთ დიდ სპორტსმენთან, როგორიც ლინდსი ვონია თქვენთვის მოტივაციაა თუ პირიქით, ხელის შემშლელი?

მოტივაცია, რა თქმა უნდა, დიდია, როდესაც ასპარეზობ ასეთ წარმატებულ სპორტსმენთან. მცდელობა იმისა, რომ ვონზე სწრაფად ისრიალო, ამაღელვებელია და გასართობი.

2017 წელს სანტ მორიცში მოპოვებული მედალი თქვენთვის სიურპრიზი იყო?

დიახ, პატარა სიურპრიზი იყო ნამდვილად. მსოფლიო ჩემპიონატამდე კარგად ვივარჯიშე და კმაყოფილი ვიყავი. მსოფლიო თასის ეტაპებზე ასპარეზობისას ვგრძნობდი, რომ მედლის მოპოვებას შევძლებდი. მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა სპორტსმენი მედლის მოპოვებისთვის იბრძვის და ბევრ მათგანს შეუძლია კიდეც მოგება, ასე რომ, არასდროს იცი რა მოხდება. 

 

გაიხსენეთ ის დღე, შეჯიბრამდე იყო რაიმე განსაკუთრებული?

ჩემი კარიერის განმავლობაში იმ დღეს ყველაზე მეტად ვიყავი თავდაჯერებული. ვიცოდი, რომ სწრაფად სრიალი შემეძლო. ასპარეზობისას სისწრაფეს ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ დიდებული შეჯიბრება გამომივიდა.

როგორ იზეიმეთ მედლის მოპოვება?

ჩემს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, გუნდელებთან და მწვრთნელებთან ერთად. იმ საღამოს ისეთი კარგი დრო გავატარეთ, რომ გვიან ღამით დავიშალეთ.

თქვენთვის 2016/17 წლის სეზონი უფრო წარმატებული იყო ვიდრე წლევანდელი. რას ფიქრობთ, რა დაგაკლდათ იმისთვის, რომ სწრაფი სახეობების საუკეთესო  სპეციალისტთა შორის ყოფილიყავით?

იმ სეზონზე ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე კარგად ვიასპარეზე, მაგრამ როდესაც 2017/18 წლის სეზონი დაიწყო, არ ვიყავი ისეთ ფორმაში მე რომ მინდოდა, მიუხედვად ამისა, ბრძოლა გავაგრძელე. კარგია ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა, რომ უფრო კარგად გადახტე და მიზანს მიაღწიო.

 

გასულ სეზონზე მიიღეთ დამატებითი გამოცდილება?

ჩემთვის ძალიან ყურადსაღები სეზონი იყო. წარმატების მისაღწევად ძლიერად უნდა იმუშაო. წარსულში წარმატებულობა არაფერს გაძლევს. თუ არ გამოგდის კარგად შენი საქმე, მუშაობა უნდა გააგრძელო.

მომავალ წელს არეში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. შარშან ფინალურ ეტაპებზე სუპერგიგანტში ძალიან კარგი შედეგი აჩვენეთ. ტრასა მოგწონთ?

დიახ, არეში ტრასაც მომწონს და თოვლიც. სამწუხაროდ, შარშან შემოკლებულ ტრასაზე მოგვიწია სრიალი, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობდი იქ.

რა მოლოდინი გაქვთ მსოფლიო ჩემპიონატზე?

ჩემი მიზანი მეორე მედლის მოპოვებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გოგოები ესე ადვილად არ დამითმობენ.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ იმ კონკრეტულ დღეს მედალი მოიპოვო?

იმ კონკრეტულ დღეს, მედლის მოპოვებისთვის საჭიროა კარგი ფიზიკური მომზადება, კარგ ფორმაში ყოფნა, თხილამურების კარგად მომზადება, ყველაფერმა ერთად უნდა იმუშაოს. ასევე ტრასაზე ჯოხების განლაგებას აქვს დიდი მნიშვნელობა და იმ დღეს გამართლებაც გჭირდება.

მომავალ სეზონზე მსოფლიო თასის კალენდარში არის: სოჭი, ზოლდეუ, ასევე სანტ ანტონი, სადაც მსოფლიო თასის ეტაპზე პირველად გამოხვედით. გაქვთ თუ არა ფავორიტი ტრასა?

გარმიშ-პარტერკირხენის ტრასაა ჩემი საყვარელი. იქ მოვიპოვე ჩემი პირველი პიედესტალი. მომწონს, როცა ტრასა ტექნიკურია და ცვალებადი. სწორედ კანდაჰარის ტრასაა ასეთი.

რამდენად მნიშვნელოვანია ტრასის კარგად ცოდნა?

სწრაფ სახეობებში ძალიან მნიშვნელოვანია. სწრაფდაშვების ტრასები ყოველ წელს თითქმის ერთნაირია.

ტიროლში ასპარეზობა თქვენთვის უპირატესობა იქნება?

არ ვიცი. სანტ ანტონში ასპარეზობის წინ არ ვიცოდი მეტირა თუ მეცინა. ტრასაზე ფერდი ძალიან დამრეცია და თოვლი მომთხოვნი. ერთი წლის შემდეგ შევეცადე, რომ ეს ტრასა შემყვარებოდა და ახლა სიამოვნებით ველი იქ ასპარეზობას. ამის გარდა, ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები იქ იქნებიან და მათი გულშემატკივრობა ძალიან დიდი დახმარებაა ჩემთვის.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.