მსოფლიო ამბები

25 Jul '18

ინტერვიუ ჰანა შნარფთან

სწრაფი სახეობების იტალიელი სპეციალისტი - ჰანა შარფი მებრძოლი სულითა და პოზიტიური ხასიათით გამოირჩევა. მას გასულ სეზონთან და მომავალ გეგმებთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

წელს თქვენ მეორედ შეძელით, რომ მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპზე საუკეთესოთა სამეულში შესულიყავით. შეჯიბრებამდე თავს როგორ გრძნობდით და ასეთ შედეგს ელოდით თუ არა?

არ ველოდი, ჩვეულებრივი შეჯიბრების დღე იყო,  როგორც ყოველთვის ვნერვიულობდი. პირველი სასტარტო ნომერი მქონდა,  ხშირად ამ ნომრით ასპარეზობა არაა ადვილი, მაგრამ კარგი ხაზით სრიალი ავარჩიე, ინსტიქტურად ვიგრძენი ეს და ბოლომდე მივაწექი.

ეს შეჯიბრება თქვენს სახლთან ახლოს ტარდებოდა, ალბათ იქ მიღწეული წარმატება უფრო ამაღელვებელი იყო?

კი ასე იყო. წარმატება ჩემს ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან და ჩემს ბევრ მეგობართან ერთად ვიზეიმე. ვფიქრობდი ჩემს გარდაცვლილ მამაზე. ნამდვილად განსაკუთრებული, ემოციური დღე იყო.

სამ წელიწადში კორტინაში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი. ფიქრობთ ამაზე?

არა, ალბათ აუცილებლად ვიქნები იქ, მაგრამ არა როგორც შეჯიბრის მონაწილე.

ამბობენ, რომ დიდ შეჯიბრებებზე არ გიმართლებთ. ვანკუვერის ოლიმპიადაზე პოდიუმს +0.09 წმ.-ს მეასედეთ ასცდით და მე-4 ადგილი დაიკავეთ. ტურინის ოლიმპიადაზე ვერ მოხვდით, ასევე გამოტოვეთ 2013 წელს შლადმინგის მსოფლიო ჩემპიონატი, სანტ მორიცის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ტრავმა მიიღეთ და პიონგჩანგის ოლიმპიადაზე სუპერგიგანტში მე-5 ადგილი დაიკავეთ. სინანულს განიცდით მე-5 ადგილის გამო?

ტრასის ბოლო საშუალედო დრომდე საუკეთესო დრო მქონდა და როგორც კონკურენტუნარიანი სპორტსმენი ვიყავი იმედგაცრუებული, გაბრაზებული და მოწყენილი. ისე ახლოს ვიყავი პიედესტალთან და ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვი. სინანულს არ განვიცდი. კარგად ვისრიალე და ამ ზამთარში ერთ-ერთი კარგი დაშვება გამომივიდა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ შეჯიბრების დღეს კარგად იასპარეზო?

საჭიროა კარგი მომზადება, გარშემო კარგი ხალხის ყოლა, ტრასის კარგი განსაზღვრა და აუცილებელია სიმშვიდე. უნდა იყო მშვიდად და დარწმუნებული იმაში, რომ ამ შეჯიბრისთვის ყველაფერი გააკეთე. რა თქმა უნდა, შესასრულებლად რთულია და არ არის ადვილი ყველაფერი სწორად გათვალო. მუშაობა. ოცნება. ქმედება. 

დიდი შეჯიბრებები - მეტი მოტივაციაა თქვენთვის თუ პირიქით, მეტი წნეხია?

მეტი მოტივაციაა ნამდვილად. წარმატებაზე ყოველთვის ვფიქრობ ნაბიჯ-ნაბიჯ, შეჯიბრიდან შეჯიბრამდე, მაგრამ ასევე ფოკუსირებას დიდ მიზნებზეც ვაკეთებ.

რა მოლოდინი გაქვთ არე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე?

დიდებულ შეჯიბრებას ველი. არე მომწონს ძალიან.

როგორც 2010 წელს, ასევე წელსაც თქვენ მოიპოვეთ ჯილდო - “Südtiroler Sportlerin des Jahres”. (სამხრეთტიროლერი სპორტსმენის ტიტული) რას ნიშნავს თქვენთვის ამ ჯილდოს მეორედ მოპოვება?

ეს იყო დიდებული პატივი ჩემთვის. სამხრეთ ტიროლიაში  ძალიან ბევრი სპორტსმენი გვყავს. არ ველოდი, რომ ამ ტიტულს ისევ მოვიპოვებდი. ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი რეგიონის ხალხის, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან და მგულშემატკივრობენ. 

შარშან ზაფხულში თქვენ დაქორწინდით, სავარაუდოდ, თქვენი მეუღლე თქვენი დიდი გულშემატკივარია. მისი მხარდაჭერა რამდენად  მნიშვნელოვანია თქვენთვის?

12 წლის ერთად ყოფნის შემდეგ შარშან ზაფხულში დავქორწინდით. ალექსის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშველოვანია. ის მოთმინებითა და გაგებით ეკიდება ჩემს სპორტული მოგზაურობით ცხოვრებას, განსაკუთრებით მძიმე პერიოდებში ის ყოველთვის ჩემთან არის. ის მაძლევს კარგ რჩევებს, თუმცა სანამ ჩვენ შევხვდებოდით ერთამენთს, სათხილამურო სპორტის შესახებ ბევრი არაფერი ესმოდა. მე ნადვილად ვიპოვე ჩემი ცხოვრების მამაკაცი.

თქვენმა გუნდელმა და მეგობარმა ვერენა შტუფერმა კარიერა რომ დაასრულა, ალბათ ძალიან განიცადეთ, მარტოს მოგიწიათ კარიერის გაგრძელება...

რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც ცხოვრების ნახევარი ერთად გაქვს გატარებული იმ ადამიანთან, რომელიც შენი ახლო მეგობარია და მერე მარტოს გიწევს კარიერის გაგრძელება. მგონი ვერენასთან ერთად ნომერში უფრო მეტი ღამე მაქვს გატარებული, ვიდრე მეუღლესთან. ჩემი მომავალი კარიერის შესახებ ფიქრი მას შემდეგაც გამიჭირდა, როდესაც სწრაფდაშვებაში ოლიმპიური საგზური ვერ მოვიპოვე, მიუხედავად იმისა, რომ სუპერგიგანტში კარგი შედეგები მქონდა.

რამ გადაგაწყვეტინათ კარიერის გაგრძელება?

სეზონი რომ დასრულდა, თავს მაინც კარგად ვგრძნობდი და კარიერის დასრულებაზე აღარ მიფიქრია. მებრძოლი, მოტივირებული და კონკურენტუნარიანი ვარ. ახალი მიზნებისთვის ბევრს ვიმუშავებ. ჩვენს სპორტში უმნიშვენლოვანესია ჯანმრთელობა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ და მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ.

 

მსოფლიო თასის ტურში, იტალიის სწრაფი სახეობების ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, საუკეთესოთა 30-ეულში 7 იტალიელი მოთხილამურეა. როგორია თქვენი როლი გუნდში?

შემიძლია ვთქვა, რომ ვარ გუნდური მოთამაშე და ჩემი პოზიტიურობა გუნდში კარგად აისახება. გუნდში შეგიძლია გაიზარდო. ჩვენ ძლიერი ნაკრები გვყავს, ერთმანეთს ვეხმარებით და ეს ძალიან კარგი ენერგიაა. გუნდში ყოფნა მომწონს, მაგრამ ამავე დროს ჩემთვისაც ვაკეთებ რაღაცებს, ხანდახან მჭირდება ხოლმე ჩემი სივრცე.

სანამ ტრავმას მიიღებდით, თქვენ ძალიან სტაბილური მოთხილამურე იყავით. თითქმის ყოველთვის საუკეთესოთა ათეუში ხვდებოდით და ძალიან ცოტა გამოვარდნა გქონდათ. არის თუ არა თქვენი მიზანი, რომ თქვენს საყვარელ სახეობაში კრისტალის მედალი და თასი მოიპოვოთ?

ჩემი მიზანი სრიალის გაუმჯობესება და სტაბილურად კარგად ასპარეზობაა ჩემს საყვარელ სახეობებში - სწრაფდაშვებასა და სუპერგიგანტში. ამის შემდეგ ვნახოთ რა იქნება.

რომელი სახეობა უფრო მოგწონთ?

ამჟამად სუპერგიგანტში ვგრძნობ თავს კარგად.

თავდაჯერებულობა რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?

თავდაჯერებულობა ჩემი დამახასიათებელი თვისებაა, რაც  ჩემი საქმიანობისთვის ძალიან მნიშვენოლვანია.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.