მსოფლიო ამბები

19 Jul '18

ინტერვიუ მელანი მაილარდთან

შვეიცარიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა მელანი მაილარდმა პიონგჩანგის ოლიმპიადის წინ ტრავმა მიიღო, ახლა კი ის თავს კარგად გრძნობს.

თქვენ 2016 წელს იუნიორთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი გახდით, ამავე წელს მსოფლიო თასის გათამაშებაშიც მყარად დაიმკვიდრეთ ადგილი - ლევიში მეექვსე ადგილი დაიკავეთ. თქვენ იყავით 18 წლის და მსოფლიო თასის გათამაშებაში მეოთხედ გამოდიოდით. ასეთ კარგ შედეგს ელოდით?

არა, ჩემი მიზანი იყო მაღალი დონის შეჯიბრებაზე სიამოვნება და გამოცდილება მიმეღო. მეორე ცდაზე მოხვედრის იმედი მქონდა, მაგრამ მეექვსე ადგილს არ ველოდი!

ფინიში რომ გადაკვეთეთ, რა იგრძენით?

სიურპრიზი იყო და შედეგი ვერ დავიჯერე. დროს როცა შევხედე, ვერ წარმოვიდგინე ეს როგორ შევძელი. ისეთი გახარებული ვიყავი.

გაანალიზეთ თუ რამხელა ნაბიჯი გადადგით წინ?

არც ისე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ამ შედეგმა უფრო თავდაჯერებული გამხადა.

მას შემდეგ თქვენთვის რაღაცები ძალიან სწრაფად შეიცვალა. თქვენ მსოფლიო თასის გათამაშების წევრებს შეუერთდით. სეზონის დასასრულს, საერთო ჩათვლაში საუკეთესო მოთხილამურეთა ოცდაათეულში შეხვედით, მე-10 ადგილი სლალომში და მე-20 ადგილი გიგანტურ სლალომში დაიკავეთ. ამ ახალ გარემოში როგორ მოახდინეთ ინტეგრირება?

შეჯიბრებებზე სიარულისას ბევრი რამ ვისწავლე. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ახალ გუნდთან ინტეგრაციაც არ გამჭირვებია.

მსოფლიო თასის გათამაშებაში ბევრი რამ ხდება, თქვენთვის ადვილი იყო ამ დამატებით მოვალეობების შესრულება?

ვერ ვიტყვი რომ ადვილი იყო, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვიყავი და მალევე ამასაც შევეგუე. რა თქმა უნდა, ევროპის თასის გათამაშებისგან, მსოფლიო თასი განსხვავდება.  მსოფლიო თასზე შეჯიბრების წინა დღეს ნომრების აღებაა, ინტერვიუები, საზღვარგარეთ მოგზაურობა და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ისე კარგადაა ორგანიზებული, რომ ოპტიმიზმს ინარჩუნებ სულ.

თქვენ ახალ ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?

მომწონს მოგზაურობა, ახალი ადგილების მონახულება, ასევე მომწონს ახალი სათხილამურო კურორტების მონახულება და საყვარელი  საქმის კეთება.

ახალ წელს, როდესაც 2018 წელი დადგა, მსოფლიო თასის ეტაპზე ოსლოში, სამოქალაქო შეჯიბრებაზე თქვენ პოდიუმი მოიპოვეთ. როდესაც პატარა ფინალის სტარტზე იდექით, რას ფიქრობდით მაშინ?

ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი და დამატებითი ზეწოლა არ განმეცადა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ნახევარფინალი უკვე წარმატება იყო. მქონდა შანსი, რომ პირველი მსოფლიო თასის პოდიუმი მომეპოვებინა და მიზნის მისაღწევად ყველაფერი ვიღონე.

როგორი იყო, როდესაც მწვანე შუქი დაინახეთ და გაანალიზეთ, რომ მიზანს მიაღწიეთ?

ეს იყო ჩემთვის დიდი მოტივაცია.

რა გხდით ძლიერს ამ კონკრეტულ სახეობაში?

როდესაც გვერდით კონკურენტი მოსრიალებს, თუ ის მასწრებს, ვცდილობ დავეწიო და გავუსწრო, ან თუ მე ვასწრებ მას, ვცდილობ პოზიცია შევინარჩუნო. ეს სიტუაცია მაიძულებს, რომ სწრაფად ვისრიალო.

ამ წარმატებების პერიოდში, როდესაც ოლიმპიური საგზურიც მოიპოვეთ, პიონგჩანგში ოლიმპიადის გახსნამდე, გიგანტური სლალომის ვარჯიშისას თქვენ მუხლის იოგები და მენისკი დაიზიანეთ. ეს იყო სიმაღლიდან სასტიკი დაცემა. როგორ მოხდა ეს?

ეს იყო კორეაში ვარჯიშის პირველი დღე. მეორე დაშვებისას ტრასის შუაში შეცდომა დავუშვი, უკან დავრჩი, დავეცი, შემდეგ ბადეში გავეხვიე და მუხლში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. 

 როგორ გადაიტანეთ ეს იმედგაცრუება?

ძალიან რთული იყო იმასთან შეგუება, რომ ჩემთვის პირველ ოლიმპიადაზე ვეღარ გამოვიდოდი. ძალიან მოწყენილი ვიყავი. დანაშაულის შეგრძნება მქონდა და ჩემს თავს მრავალი კითხვა დავუსვი. რაც იყო, იყო, რეალობას ვეღარ შევცვლიდი, გავიწყვიტე იოგები და ამ სიტუაციისთვის სხვა მხრივ უნდა შემეხედა. ნამდვილად არ იყო ადვილი გადასატანი.

ახლა როგორ გრძნობთ თავს?

ახლა უკეთ ვარ, რთულია თქმა ასპარეზობას როდის შევძლებ. ნელ-ნელა ვიწყებ მოძლიერებას, რომ შეჯიბრებებს კარგ ფორმაში დავუბრუნდე.

როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაცია?

ოპერაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მე, ჩემმა ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა, ფიზიოთერაპევტმა, ექიმმა და სხვა მწვრთნელებმა რეაბილიტაციის გრაფიკი დავგეგმეთ. ოპერაციის შემდეგ პირველ რიგში დიდი დრო ფიზიოთერაპიას დაეთმო. ექვსი კვირის შემდეგ ნელ-ნელა ვარჯიში დავიწყე. დროთა განმავლობაში, მუხლის მდგომარეობის შესაბამისად, დატვირთვაც გაიზრდება.

თქვენ ახალგაზრდა ხართ, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ტრავმის შემდეგ თქვენ პიედესტალზე ბევრჯერ ახვალთ და ბევრ მედალსაც მოიპოვებთ. როდესაც თხილამურებს დაუბრუნდებით, რა იქნება თქვენი მიზანი?

ჩემი მიზანია, რომ თავდაჯერებულობა დავიბრუნო და მოძრაობები ვაკონტროლო. ფოკუსირებას ვარჯიშზე და ტკივილის გარეშე სრიალზე გავაკეთებ.

თუ გაქვთ ამჟამად კონკრეტული მიზნები?

მინდა, რომ ისეთი ფორმა დავიბრუნო, რაც ტრავმამდე მქონდა.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმა როგორც მოთხილამურისა?

ვოცნებობ ოლიმპიურ ან მსოფლიო ჩემპიონატის მედალზე, ასევე მსოფლიო თასის მოპოვებაზე, მაგრამ იქამდე დიდი გზაა და კარიერის დასაწყისში ვარ ჯერ.

თქვენ და თქვენს ძმას კარგად გამოგდით სლალომი და გიგანტური სლალომი, მსოფლიო თასის გათამაშებაზეც ერთნაირად, ძლიერად ასპარეზობთ. მაილარდებს ოჯახური საიდუმლო გაგაჩნიათ, რომ ასე ძლიერები ხართ?

არაა საიდუმლო. ჩვენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ყოველთვის ჩართული ვიყავით და როდესაც რაიმეს დავისახავთ მიზნად, ყველაფერს ვაკეთებს იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ.

რას ფიქრობთ, სადაა გასაღები, რომ ასეთი წარმატებული ხართ?

როდესაც პატარები ვიყავით, მშობლებთან ერთად ძალიან აქტიურები ვიყავით, ერთად ბევრს ვსრიალებდით და ასევე სხვა სპორტითაც ვიყავით დაკავებულნი. მოგვინებით ეს ყველაფერი დაგვეხმარა.

თქვენს შორის  ჯანსაღი მეტოქეობაა?

ჩვენს შორის არ არსებობს მეტოქეობა. რომელიმე ჩვენგანი წარმატებას რომ აღწევს, ჩვენ ყოველთვის ბედნიერები ვართ. ასევე,  ჩვენ  ერთმანეთს გვერდში ვუდგევართ, თუ რაიმე ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა.

მოამზადა სოფო ახმეტელმა 

   

Follow Mélanie on her social media channels:   
Website   
Facebook   
Instagram