ქართული ამბები

28 May '18

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის კომპანია ,,სილქნეტის“ დამფუძნებლის გიორგი რამიშვილის განცხადება 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

საბერძნეთში, კოსტა ნავარინოს კურორტზე, მაისში ჩატარებულ მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის რიგით 51-ე კონგრესზე, კენჭისყრის მონაწილეების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველოს მიენიჭა 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნის სტატუსი.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, კომპანია სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის, თქმით, ფედერაციის და მისი სპონსორების - სილქ როუდ ჯგუფის (წინა 10 წლის) და სილქნეტის (უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში) -  მრავალწლიანი შრომა დაფასდა: 

„მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო მიიღეს ზამთრის სპორტის მსოფლიო ჩემპიონატების ორგანიზატორი ქვეყნების საერთაშორისო ოჯახში. საქართველოს სათხილამურო ფედერაცია თავისის გენერალური სპონსორის, კომპანია სილქნეტის, დახმარებით დიდი ხანია მუშაობს ამ მიმართულებით. თუმცა, ჩვენმა ძალისხმევამ წარმატებული შედეგი მას მერე გამოიღო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი პირადად ჩაერთო  ამ საქმეში. სენტ მორიცში სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ჯან ფრანკო კასპერთან, შეხვედრის დროს მან დაადასტურა საქართველოს მთავრობის სურვილი და მზადყოფნა იმ დიდი სამუშაოს ჩასატარებლად,  რაც ასეთი მასშტაბის და პრესტიჟის სპორტული ფორუმისთვისაა საჭირო. ბატონმა პრემიერმა მაშინ განაცხადა: „ჩათვალეთ, რომ მე პირადად ვიქნები ამ პროექტის მენეჯერი“. მისი მხრიდან ამ ინიციატივის მიმართ მაღალი ხარისხის ერთგულება და საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარების უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობამ ნათლად დაინახა.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მონაწილე მხარის ძალისხმევით ღირსეულად მოვემზადებით და წარმატებით ჩავატარებთ მსოფლიო ჩემპიონატებს. ნამდვილი საქმე ახლა იწყება.

და ბოლოს, მინდა ყველას მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 100 წლისთავი.“