მსოფლიო ამბები

22 May '18

FIS-ის კონგრესზე ქალთა სემინარი ჩატარდა

საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის კონგრესზე ქალთა სემინარი ჩატარდა. სემინარი ქალთა ლიდერობასა და გენდერულ ბალანს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა 50-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

FIS-ის განვითარების პროგრამის ექსპერტმა - ჯოსეფ ზენჰაუსერნმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, ამის შემდეგ სლოვაკეთის ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ხელმძღვანელმა - პეტრა განტნეროვამ წარმოადგინა პრეზენტაცია - ერასმუსის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ხელი შეეწყოს ქალთა ლიდერობას სპორტში.

ორი გამომსვლელის შემდეგ FIS-ში შემავალი რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა ქალმა: ირინა აჩბამ (საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი), ანა ჰარბო ფალკენბერგმა (დანიის ფედერაციის პრეზიდენტი), პატრიცია ანგუიტა გარეტონმა (ჩილეს სათხილამურო და სნოუბორდის პრეზიდენტი) წარმოადგინეს პრეზენტაცია იმის შესახებ თუ როგორ მივიდნენ ლიდერობამდე და თუ როგორ შეუძლია ქალს გახდეს ლიდერი.

სემინარის დასასრულს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა - სარა ლუისმა გამომსვლელებს მადლობა გადაუხადა შრომისმოყვარეობისთვის და ერთგულებისთვის. სარამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თაობებშიც მრავალი ლიდერი ქალი გაიზრდება.