ქართული ამბები

12 May '18

საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის კონგრესი გაიმართება

 2018 წლის 13 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში ტარდება 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესი.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ კონგრესს დაესწრებიან საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, გენერალური მდივანი ირინა აჩბა, ვიცე პრეზიდენტი პატრიკ ლანგი, ფრისტაილის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მეტრეველი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამთა იაშაღაშვილი და მთის კურორტების განვითარების კომპანიის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ანი გერაძე.

2017 წლის აპრილში საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის დაბა ბაკურიანში ჩატარების თაობაზე.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა ჩვენი განაცხადის მიღება და საქართველოს კანდიდატურის განხილვა მოხდება საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე საბერძნეთში.

კონგრესის მუშაობის პერიოდში მოეწყობა საქართველოს კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება სარეკლამო მასალა საქართველოს შესახებ.

საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგება FIS-ის საბჭოს და შესაბამისი კომიტეტების წინაშე 15 და 16 მაისს, ხოლო 17 მაისს კონგრესზე ოფიციალურად დასახელდება 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა.