მსოფლიო ამბები

19 Apr '18

ცნობილმა სამთო-მოთხილამურეებმა კარიერა დაასრულეს

ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ ასაკოვანი სამთო-მოთხილამურეები კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ხოლმე.

წელს ცნობილმა სამთო-მოთხილამურეებმაც დაასრულეს კარიერა. სლოვაკი ვერონიკა ველეც-ზუზულოვა მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპებზე 15 წელი ასპარეზობდა, მან 183 შეჯიბრებიდან 5 ეტაპი მოიგო და 30-ჯერ მოხვდა საუკეთესოთა სამეულში. იგი 4 ოლიმპიადისა და 8 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. ვერონიკამ შარშან მუხლის ტრავმა მიიღო, წელს კი დაუბრუნდა თხილამურებს, მაგრამ შედეგები აღარ ჰქონდა კარგი და მსოფლიო თასის ფინალამდე ოფტერშვანგში მსოფლიო სათხილამურო ოჯახს დაემშვიდობა. მან შეჯიბრებაზე ნაციონალური ტანსაცმლით ისრიალა და ასე ორიგინალურად დაასრულა კარიერა.

ოფტერშვანგში ავსტრიელმა მიხაელა კირგასერმაც კაბით ისრიალა და ასე დაემშვიდობა სათხილამურო კარიერას. მიხაელამ მსოფლიო თასის გათამაშების 284 ეტაპზე იასპარეზა, 3 ეტაპი მოიგო და 17-ჯერ ავიდა პიედესტალზე.

ასევე წელს სათხილამურო კარიერა დაასრულეს: რუმინელმა ედით მიკლოსმა, ავსტრიელმა პატრიკ შვაიგერმა, გერმანელმა ფილიპ შმიდმა, შვეიცარიელებმა: ბერნარდ ნიდერბერგმა, მანუელ პლეიშმა და ბიტრიც სკალვედმა.