ქართული ამბები

11 Apr '18

13 აპრილს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ყრილობა გაიმართება

13 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში“  საქართველოს სათხილამურო ფედერაციის რიგით მე-11 ყრილობა გაიმართება.

ყრილობაზე წარმოდგენილი იქნება 2015-2018 წლების საანგარიშო მოხსენება გაწეული სამუშაოს შესახებ, განიხილება ფედერაციის წესდებაში შესატანი ცვლილებები და გაიმართება კენჭისყრა ფედერაციის პრეზიდენტისა და პრეზიდიუმის წევრების ასარჩევად.

საქართველოს სათხილამურო  ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და  ოლიმპიურ 4 წლიან ციკლს ემთხვევა. 

სათხილამურო ფედერაციის მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდანტია, შ.პ.ს. ,,სერვისნეტი“ ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე, ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბატონი ზურაბ კოსტავა, რომელიც სამთო-სათხილამურო სპორტის დიდი გულშემატკივარია.

მისი ხედვით, სათხილამურო სპორტი განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ვინაიდან საქართველო მთის ქვეყანაა და ამ სპორტის ხელშეწყობა ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია, სათხილამურო სპორტის განვითარება საქართველოში მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის  განვითარებისთვის, ასევე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.