ქართული ამბები

6 Apr '18

გუდაურში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების ფინალური ეტაპი დასრულდა

დღეს გუდაურში 2018 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეოთხე ეტაპი გაიმართა.  ბაკურიანის და სვანეთის შემდეგ  ეტაპებმა გუდაურში გადაინაცვლა და სეზონის ფინალური შეჯიბრი 5-6 აპრილს კუდების ფერდობზე ჩატარდა. 

თოვლის სათანადო ხარისხმა და მზიანმა ამინდმა ორგანიზატორებსა და სპორტსმენებს შეჯიბრის წარმატებულად ჩატარებაში ხელი შეუწყო.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, და აჭარის გუნდებმა,  თბილისის წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა და გუდაურისა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების მოთხილამურეებმა.  წელს საქართველოს თასის გათამაშებას გუდაურის გუნდისა და ბაკურიანის სამთო-სათხილამურო სკოლების ასოციციის წევრებიც შემოურთდნენ.

სპორტსმენმა გოგონებმა და ვაჟებმა სლალომსა და გიგანტურ სლალომში სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს.

ორივე საშეჯიბრო დღეს გამოვლინდა 2018 წლის საქართველოს თასის მეოთხე ეტაპის გამარჯვებულები და ასევე აბსოლუტური ჩემპიონებიც.

სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სამთო სათხილამურო ფედერაციის ვებ გვერდზე - www.gsf.ge

წელს დაარსებული სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის თასი გუნდურ შეჯიბრში გამარჯვებულ სვანეთის ნაკრებს გადაეცა.  გუდაურის კურორტის დაარსებაში და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის გარდამავალი თასი მისი ღვაწლის აღსანიშნავად დაარსდა.  

ასევე ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ უმცროსი ასაკის მოთხილამურეები სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის ფონდიდან. უკვე მეხუთე წელია, გურამ გირგვლიანის ინიციატივით, ახალგაზრდა სპორტსმენებს,  სტიმულის გაზრდის მიზნით ფულადი პრიზი გადაეცემათ.  

საქართველოს თასის ეტაპები  სათხილამურო ფედერაციის, კულტურისა და სპორტისა სამინისტროს, გენერალური სპონსორის კომპანია "სილქნეტის“ , მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და  კომპანია ,,ბორჯომის“  მხარდაჭერით  იმართება.

ქართველი სპორტსმენები საქართველოში ჩატარებულ შეჯიბრებებზე მიღწეული წარმატებებით საერთაშორისო სათხილამურო ოჯახის წევრები ხდებიან.