ქართული ამბები

3 Apr '18

5-6 აპრილს გუდაურში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების ფინალური ეტაპი გაიმართება

5-6 აპრილს  გუდაური  2018 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეოთხე, ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.

შეჯიბრი კუდების ფერდობზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდება. 

საქართველოს თასის ეტაპები  სათხილამურო ფედერაციის, კულტურისა და სპორტისა სამინისტროს, გენერალური სპონსორის კომპანია "სილქნეტის“ , მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და  კომპანია ,,ბორჯომის“  მხარდაჭერით  იმართება.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, და აჭარის გუნდები. ასევე თბილისის წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მოსწავლეები და გუდაურისა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების მოთხილამურეები. 

წელს საქართველოს თასის გათამაშებას გუდაურის გუნდის და ბაკურიანის სამთო-სათხილამურო სკოლების ასოციციის წევრებიც შემოურთდნენ.

სპორტსმენი გოგონები და ვაჟები სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ:

          ბავშვები  I,  დაბადების წელი 2004-2005

          ბავშვები II, დაბადების წელი 2002-2003

          მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2001 და უფროსი ასაკი.

ფინალური ეტაპის ორივე დღეს, შეჯიბრის დასრულების შემდეგ გაირკვევა 2018 წლის საქართველოს თასის მეოთხე ეტაპის გამარჯვებულებისა და ასევე აბსოლუტური ჩემპიონების ვინაობა.  მათ პრიზები საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ. 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან გუნდურ შეჯიბრში საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებულ რეგიონს, გუდაურის დამაარსებლის სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა.

1988 წელს გუდაური, როგორც სათხილამურო კურორტი, სწორედ სოლიკო ხაბეიშვილის დიდი ძალისხმევით დაარსდა.

1991-1993 წლებში სოლიკო ხაბეიშვილი იყო საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პირველი პრეზიდენტი.

გუდაურის კურორტის დაარსებისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი ღვაწლის აღსანიშნავად, წელს სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის თასი პირველად გადაეცემა გამარჯვებულ რეგიონს.   

უკვე მეხუთე წელია, რაც უმცროსი ასაკის გამარჯვებული მოთხილამურეები, გურამ გირგვლიანის ინიციატივით, სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის ფონდიდან ფულადი პრიზით ჯილდოვდებიან. აღნიშნული პრიზი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის სტიმულის მიცემის მიზნით დაარსდა.

ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მოზარდი უერთდება პროფესიულ სპორტს, რითაც  საქართველოს შესაძლებლობა ექმნება სათანადო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ასპარეზზე.