ქართული ამბები

30 Mar '18

FIS-ის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტებმა გუდაურისა და ბაკურიანის სათხილამურო ტრასები დაათვალიერეს

საქართველომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში (FIS) განაცხადი შეიტანა სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ  წელს პირველად  ჩატარდა  სკი კროსის საერთაშორისო შეჯიბრი ბაკურიანში, რომელმაც FIS-ის (საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის) და უცხოელი სპეციალისტების დადებითი შეფასება დაიმსახურა.

13-19 მაისს საბერძნეთში ჩატარდება  FIS-ის (საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის) კონგრესი. იქ გაიმართება კენჭისყრა, სადაც სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის (კურორტის) ვინაობა გაირკვევა.

25-28 მარტს საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის ექსპერტები: სამთო-სათხილამურო  კონტინენტალური თასის კოორდინატორი - პეტერ გერდოლი, ფრისტაელის სახეობის კოორდინატორი - ჯოზეფ ფიცჯერლადი და ფრისტაილი, სნოუბორდის ღონისძიებების ექსპერტი - დავიდე ჩერატო იმყოფებოდნენ. მათ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტთან ზურაბ კოსტავასთან და ფრისტაილის კომიტეტის თავმჯდომარესთან ლევან მეტრეველთან ერთად გუდაურისა და ბაკურიანის სათხილამურო ტრასები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ამის შემდეგ კი ბოლო შემაჯამებელი ექსპერტიზა ჩაატარეს.

უცხოელი ექსპერტებმა ქართულ მხარესთან ერთად ოთხდღიანი მსჯელობის შედეგად 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის  კონცეფცია შეიმუშავეს.

საბერძნეთში გამართულ კენჭისყრაზე გამარჯვების შემთხვევაში, მომავალი ოთხი წლის მანძილზე საქართველო FIS-ის (საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის) ეგიდით სარეიტინგო შეჯიბრებებს, ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს.