ქართული ამბები

4 Mar '18

მესტიაში 2018 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა

საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს, გენერალური სპონსორი კომპანია "სილქნეტის“ , მთის კურორტების განვითარების კომპანიის და კომპანია ,,ბორჯომის“  მხარდაჭერით  1 და 2 მარტს მესტიაში  2018 წლის საქართველოს თასის მეორე ეტაპი (სლალომი და გიგანტური სლალომი) თეთნულდისა და ჰაწვალის ფერდობზე გამართა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის გუნდებმა, ასევე გუდაურისა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების მოთხილამურეებმა. 

წელს საქართველოს თასის გათამაშებას გუდაურის გუნდი და ბაკურიანის სამთო-სათხილამურო სკოლების ასოციციის წევრები შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს შეჯიბრება ყველაზე მასშტაბური იყო, 64-მა სპორტსმენმა იასპარეზა.

სპორტსმენი გოგონები და ვაჟები,  როგორც ყოველთვის, სამ ასაკობრივ ჯგუფში განაწილდნენ:

          ბავშვები  I,  დაბადების წელი 2004-2005

          ბავშვები II, დაბადების წელი 2002-2003

          მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2001 და უფროსი ასაკი.

1 მარტს სლალომი თეთნულდის ფერდობზე გაიმართა. 2004-2005 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის მარი ჩოგაძემ (აჭარა) გაიმარჯვა, ხოლო ვაჟთა შორის მიხეილ ჩართოლანი (სვანეთ) გახდა ჩემპიონი. 2002-2003 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის გამარჯვებულები: მარიამ პაქსაძე (აჭარა) და ნოდარ კოზანაშვილი (ბაკურიანი) გახდნენ. უფროს ასაკში ჩემპიონები ქალთა შორის  თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი) და ვაჟთა შორის ბესო ჯაფარიძე (სვანეთი) გახდნენ.

2 მარტს კი გიგანტური სლალომი ჰაწვალის ტრასაზე ჩატარდა. მზიანმა ამინდმა ორგანიზატორებსა და სპორტსმენებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრება წარმატებით გამართულიყო.

2004-2005 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის მარიამ ნავერიანმა (სვანეთი) გაიმარჯვა, ხოლო ვაჟთა შორის ისევ მიხეილ ჩართოლანი (სვანეთი) გახდა ჩემპიონი. 2002-2003 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის ნინო კურტანიძემ (ბაკურიანი) გაიმარჯვა, ხოლო ვაჟთა შორის ჩემპიონი ნოდარ კოზანაშვილი (ბაკურიანი) გახდა. უფროს ასაკში  ქალთა შორის თამარ ბარბარიანმა (ბაკურიანი) და ვაჟთა შორის ბესო ჯაფარიძემ (სვანეთი) გაიმარჯვეს. სრული შედეგები იხ.www.gsf.ge

შეჯიბრების დასასრულს სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.

საქართველოს თასის ყოველი ეტაპის შესახებ მზადდება სპეციალური ფილმი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ტელე-ეთერით გადაიცემა და სოციალურ ქსელში ვრცელდება. წელს საქართველოს სათხილამურო ფედერაციას პარტნიორობას სტუდია „კოპტერი“ გიორგი დანელიას ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან  პარტნიორობას უწევს და ყოველი ეტაპის ვიდეორგოლით შესაძლებელს ხდის სათხილამურო სპორტის მოყვარულებმა  დეტალური ინფორმაცია მიიღონ საქართვლოს თასის გათამაშების ეტაპების შესახებ.

შემდეგ, მესამე ეტაპს გუდაური 16-17 მარტს უმასპინძლებს.