ქართული ამბები

23 Feb '18

ნინო წიკლაურმა მესამე ოლიმპიადაზე იასპარეზა

საქართველოს ქალთა სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრმა ნინო წიკლაურმა ზამთრის 23-ე ოლიმპიადაზე ქალთა სლალომში 39-ე ადგილი დაიკავა.

ნინომ მესამე ოლიმპიადაზე იასპარეზა. ეს შედეგი მის კარიერაში საუკეთესოა.

ნინო წიკლაური: -,,ძალიან რთული ტრასა იყო, რელიეფიც და თოვლიც. მიუხედავად იმისა, რომ ტრასაზე წყალი დაასხეს და გაყინეს, კარებებთან ,,საფეხურები“ მაინც გაკეთდა. გიგანტურ სლალომში ჩემი სრიალით უკმაყოფილო ვიყავი, შედეგით გაოცებული, გული დამწყდა და მეორე ცდაზეც ფსიქოლოგიურად ვეღარ განვეწყვე. სლალომიც რთული იყო, შედეგით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა უკეთესად სრიალიც შემეძლო, მაგრამ რთულია შეჯიბრებაზე ასეთ თოვლს გაუგო და მიეჩვიო. ჩვენ ძირითადად ხელოვნურ და ბუნებრივად გაყინულ თოვლზე ვვარჯიშობთ ხოლმე. აქ კი სავარჯიშო და საშეჯიბრო ტრასებზეც კი სხვადასხვა ხარისხის თოვლია.“

ნინო წიკლაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებზე 2008 წლიდან ასპარეზობს. იგი სამი ოლიმპიადისა და ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. ნინო არაერთი FIS-ის (საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია) შეჯიბრების პრიზიორი და გამარჯვებულია.

ნინო ამჟამად ძირითადად იტალიაში ვარჯიშობს იტალიელი მწვრთნელის - ნიკოლა პაულონის მეთვალყურეობის ქვეშ. ნინო 1993 წლის 1 ივლისს დაიბადა. გუდაურში გაიზარდა და ბავშვობაში იქვე ვარჯიშობდა.