ქართული ამბები

23 Feb '18

ვიმედოვნებ, რომ მალე ისეთი გუნდი გვეყოლება ბევრად დიდ შედეგებზეც ვიფიქრებთ

პიონგჩანგის ოლიმპიადაზე ვაჟთა სლალომში ქართველმა მოთხილამურემ 28-ე ადგილი დაიკავა. 108 სპორტსმენს შორის იასონ აბრამიშვილმა 74-ე ნომრით იასპარეზა. იასონმა ოლიმპიდაში მეოთხედ მიიღო მონაწილეობა. იგი პირველი ქართველი სამთო-მოთხილამურეა, რომელმაც ოთხ ოლიმპიადაზე ზედიზედ იასპარეზა. ბოლო, სოჭის ოლიმპიადაზე მან 22-ე ადგილი დაიკავა. 

იასონ აბრამიშვილი - ,,დღევანდელმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა. 108 სპორტსმენი ასპარეზობდა და 28-ე ადგილი დავიკავე. ცუდი არ იყო ნამდვილად, მაგრამ ყოველთვის უკეთესი შედეგი გვინდა იყოს ხოლმე, თან შეიძლებოდა უკეთესადაც. გარისკვის შედეგად რამდენიმე ადგილით წინ ვიქნებოდი, მაგრამ გამოვარდნის ალბათობა უფრო დიდი იქნებოდა, რადგან საკმაოდ რთული ტრასა იყო ორივე ცდაში. ტაქტიკური გადაწყვეტილება მივიღე და დაშვებისდროს 70-80  პროცენტით გავრისკე, მგონი არ იყო ცუდი გადაწყვეტილება. დანარჩენი გულშემატკივრებმა შეაფასონ. ჩვენი გუნდი ყოველწლიურად ძლიერდება და ვიმედოვნებ, რომ მალე ისეთი გუნდი გვეყოლება ბევრად დიდ შედეგებზეც ვიფიქრებთ.“          

 იასონ აბრამიშვილი 1988 წელს ბაკურიანში დაიბადა. 

საქართველოს სამთო-სათხილამური ნაკრებში იგი 1999 წლიდან ირიცხება. 2003 წლიდან გამოდის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე,  სადაც მან არაერთი პრიზი და გამარჯვება მოიპოვა. 

ასევე, 2005-20017 წწ მას მონაწილეობა აქვს მიღებული 6 მსოფლიო ჩემპიონატში. 

2017 წლიდან  აბრამიშვილი ვარჯიშობს ავტრიელ მწვრთნელთან, ვალტერ ჰუბმანთან. ჰუბმანი სხვადასხვა წლებში იყო ხორვატიის, ბულგარეთის, ავსტრიის სამთო -სათხილამურო ნაკრებების მთავარი მწვრთნელი. მას არაერთ ტიტულოვან სპორტსმენთან აქვს ნამუშევარი, მათ შორის ოლიმპიურ ჩემპიონებთან და მსოფლიო თასის მფლობელებთან: ჰერმან მაიერთან და ივიცა კოსტელიჩთან. მათი მწვრთნელი იყო წლების განმავლობაში.

ქართველ სპორტსმენებთან ის საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის მოწვევით მუშაობს. ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ქართველი მოთხილმაურეები, უნგრელ სპორტსმენებთან ერთად ევროპის ცნობილ კურორტებზე (მყინვარებზე) ემზადებოდნენ. 

ვალტერ ჰუბმანის დამსახურებაა, რომ იასონ აბრამაშვილი თითქმის ყველა FIS-ის შეჯიბრზე საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში იყო 2017-2018 წლის სეზონზე. 

16 იანვარს ზაგრებში იასონმა FIS-ის შეჯიბრზე, სადაც მაღალრეიტინგიანი სპორტსმენები ასპარეზობდნენ, მეორე ადგილი დაიკავა. 

ასევე აღსანიშნავია ქალთა სამთო სათხილამურო ნაკრების წევრის ნინო წიკლაურის შედეგების გაუმჯობესება წინა ოლიმპიადებთან შედარებით. პიონგჩანგის ოლიმპიადაზე ნინო წიკლაურმა 39-ე ადგილი დაიკავა ქალთა სლალომში. ნინოსთვის წლევანდელი ოლიმპიადა რიგით მესამეა. 

იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებსაც ზამთრის სპორტის სახეობების ნაკრებებში ათეულობით სპორტსმენი ჰყავთ წარმოდგენილი, საქართველოსთვის 28-ე ადგილის დაკავება ბოლო წლების თავდაუზოგავი შრომისა და არჩეული ტაქტიკის წარმატებული შედეგია.