მსოფლიო ამბები

22 Feb '18

იასონ აბრამაშვილმა სლალომში 28-ე ადგილი დაიკავა

დღეს იონგსიონისა და იონპიონგის სამთო კურორტებზე ოლიმპიური ქალთა სამთო კომბინაცია და ვაჟთა სლალომი ჩატარდა.

იასონ აბრამაშვილი, რომელიც 74-ე ნომრით ასპარეზობდა, 28-ე ადგილი დაიკავა. სულ 108 სპორტსმენი ასპარეზობდა. იასონი ოლიმპიადაზე მეოთხედ გამოვიდა, იგი პირველი ქართველი სამთო-მოთხილამურეა, რომელმაც ოთხ ოლიმპიადაზე ზედიზედ იასპარეზა და სოჭის ოლიმპიადაზე 22-ე ადგილი დაიკავა.

იასონ აბრამაშვილი: -,,დღევანდელმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა. 108 სპორტსმენი ასპარეზობდა და 28-ე ადგილი დავიკავე. ცუდი არ იყო ნამდვილად, მაგრამ ყოველთვის უკეთესი შედეგი გვინდა იყოს ხოლმე, თან შეიძლებოდა უკეთესადაც. გარისკვის შედეგად რამდენიმე ადგილით წინ ვიქნებოდი, მაგრამ გამოვარდნის ალბათობა უფრო დიდი იქნებოდა, რადგან საკმაოდ რთული ტრასა იყო ორივე ცდაში. ტაქტიკური გადაწყვეტილება მივიღე და დაშვების დროს 70-80  პროცენტით გავრისკე, მგონი არ იყო ცუდი გადაწყვეტილება. დანარჩენი გულშემატკივრებმა შეაფასონ. ჩვენი გუნდი ყოველწლიურად ძლიერდება და ვიმედოვნებ, რომ მალე ისეთი გუნდი გვეყოლება ბევრად დიდ შედეგებზეც ვიფიქრებთ.“

ვულოცავთ იასონს ამ წარმატებას!

შვედმა ანრე მირერმა 35 წლის ასაკში პირველად მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი. ლეგენდარული ინგემარ სტენმარკის შემდეგ ანდრე მირერი პირველი შვედი ვაჟი მოთხილამურეა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. სტენმარკი 1980 წელს გახდა ჩემპიონი.

ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები შვეიცარიელმა რამონ ცაუნჰაუსერნმა და ავსტრიელმა მიხაილ მატმა მოიპოვეს. ცაუნჰაუსერმა პირველად მოიპოვა ოლიმპიური მედალი, მიხაილ მატმა კი თავისი ძმების: მარიო მატის ოქროს მედალსა (სოჭი 2014) და ანდრეას მატის ფრისტაილის სკი კროსის ვერცხლი მედალს (ვანკუვერი 2010) ბრინჯაოს მედალი მიუმატა.

ფავორიტები: მარსელ ჰირშერი პირველ ცდაში და ჰენრიკ კრისტოფერსენი მეორე ცდაში გამოეთიშნენ ასპარეზობას. კრისტოფერსენი პირველ ცდას იგებდა.

ანდრე მირერი: -,,ამ დღეს მთელი ცხოვრება ველოდი, ეს მედალი ჩემთვის ყველაფერია. 2010-ში ბრინჯაო კი მოვიპოვე, მაგრამ ოქროზე სულ ვოცნებობდი, ეხლა ეს უკვე რეალობაა და ძალიან აღელვებული ვარ. პირველი ცდა ძალიან კარგად ვისრიალე, ვიცოდი, რომ მეორე ცდაზე ბრძოლა დამჭირდებოდა.“

ქალთა შორის კი ოქროს მედალი 2014 წლის ოლიმპიური ჩემპიონის შვეიცარიელი დომინიკ გისინის დამ - მიშელ გისინმა მოიპოვა. ვერცხლის მედალი ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა და ბრინჯაოს მედალი ვენდი ჰოლდნერმა მოიპოვეს.

ტიტულოვანი ლინდსი ვონი, რომელიც სწრაფდაშვების შემდეგ ლიდერობდა, მეორე ცდაზე ასპარეზობას სამწუხაროდ გამოეთიშა.

24 თებერვალს გუნდური შეჯიბრება გაიმართება და ამით დასრულდება პიონჩანგის ოლიმპიური თამაშები.