მსოფლიო ამბები

21 Feb '18

სოფია გოჯამ სწრაფდაშვების ოქროს მედალი მოიპოვა

იტალიელი სოფია გოჯა, რომელიც 2018 წლის მსოფლიო თასის სწრაფდაშვების ლიდერია, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა წრაფდაშვებაში. ნორვეგიელმა რაგნჰილდ მუვინკელმა მასთან მხოლოდ +0.09 წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტიტულოვანმა ლინდსი ვონმა კი მესამე ადგილი დაიკავა.

25 წლის სოფია გოჯას მსოფლიო თასის ორი სწრაფდაშვების ეტაპი აქვს მოგებული. ერთ-ერთი იყო შარშანდელი იონგსიონის სწრაფდაშვების საცდელი ეტაპი. გოჯა ოლიმპიადაზე პირველად ასპარეზობდა და იგი პირველი იტალიელი ქალი მოთხილამურეა, რომელიც სწრფადაშვებაში  ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

25 წლის რაგნჰილდ მუვინკელის საუკეთესო შედეგი სწრაფდაშვებაში მეექვსე ადგილი იყო. მუვინკელი პირველი ნორვეგიელი ქალი მოთხილამურეა, რომელმაც სწრაფდაშვების ოლიმპიური მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მუვინკელს წარმატება პირველად მიულოცა მისმა მეგობარმა, ლიხტენშტეინელმა ტინა ვაირატერმა, რომელიც მესამე ადგილზე იყო და მუვინკელის დაშვების შემდეგ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

ლინდსი ვონმა გამარჯვებულთან +0.47 წმ. წააგო. ლინდსიმ თავის ვანკუვერის ოქროსა და ბრინჯაოს მედლებს პიონჩანგის ბრინჯაოც მიუმატა. ლინდსი გახდა პირველი ყველაზე უფროსი ქალი მოთხილამურე, რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვა. მან შეჯიბრების დაწყებამდე თქვა, რომ შემდეგ ოლიმპიადამდე კარიერას დაასრულებს, მაგრამ ამ შეჯიბრებაზე ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლიაო.

სოფია გოჯა: -,,ჯერ-ჯერობით ვერ აღვიქვამ. ალბათ პოდიუმზე ასვლის შემდეგ ვიგრძნობ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი. ისე ფოკუსირებული ვიყავი შეჯიბრებაზე, რომ ვერ ვხვდები ჩემს თავს რა მოხდა. ყველა დეტალზე მქონდა ნამუშევარი და ნაფიქრი. ისე ნამდვილად ქაოსური ვარ, მაგრამ დღეს თავდაჯერებული ვიყავი და გამომივიდა. ძალიან ვამაყობ. ოლიმპიური ჩემპიონობა ყველა სპორსტმენის ოცნებაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე ძვირფასი შეჯიბრების გამარჯვებული ხარ. მოვიგებდი თუ ვერ მოვიგებდი, მე ისევ ისეთი ვარ, როგორიც აქამდე ვიყავი, მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა. ძალიან არ გამირისკია, უფრო ტვინით განვსაზღვრე. ფოკუსირება ტრასაზე და სწორად სრიალზე გავაკეთე. რაც შეეხება ლინდსი ვონს, ის დიდებულზე დიდებული მოთხილამურეა, დიდებული პიროვნება და დიდებული ქალია. ჩემთვის მასთან ერთად ასპარეზობა დიდი პატივია. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ხშირად ერთად ვსვამთ ხოლმე ყავას და ჩვენს საქმიანობაზე ვსაუბრობთ. ეს კარგია ჩვენი სპორტისთვის.“

რაგნჰილდ მუვინკელი: -,,ღმერთო ჩემო, ეს შედეგი დიდი სიურპრიზია ჩემთვის. ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე კარგად ვისრიალე და საოცრებაა, რომ ეს აქ ოლიმპიადაზე მოხდა. ცოტა დრო მჭირდება. უზომოდ გახარებული ვარ. ყოველწლიურად ვუმატებდი, მაგრამ წელს საუკეთესო სეზონი მაქვს. გიგანტური სლალომის ვერცხლიც მოვიპოვე. იმის გათვალისწინებით, რომ სწრაფდაშვებაში ჩემი საუკეთესო შედეგი მეექვსე ადგილი იყო, ეს ორი წარმატება დიდებულია ჩემთვის. გიგანტური სლალომის მედლისთვის ვოცნებობდი და სწრაფდაშვებაზე არც მიფიქრია. ძალიან გრძელი გზა გავიარე აქამდე, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ. მე ფავორიტებს შორის არ ვიყავი ერთადერთი, ამიტომ სრიალზე გავაკეთე კონცენტრირება და გამომივიდა.“

ლინდსი ვონი: -,,ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე. სოფია გოჯამ ჩემზე უკეთ იასრიალა. კარგი ხაზით, უშეცდომოთ ვისრიალე და არ ვარ გულდაწყვეტილი. ეს რახან ჩემი ბოლო ოლიმპიადაა, რა თქმა უნდა ემოციებთან გამკლავება მომიწია. ძალიან კარგად ვისრიალე, მაგრამ სოფია დღეს დაუმარცხებელი აღმოჩნდა. ოპტიმისტი ვარ, პოდიუმის იმედი მქონდა, მაგრამ ყველაფერი ხდება, მაგალითად სუპერგიგანტში როგორც განვითარდა მოვლენები. დღეს კი სნოუბორდერები აღარ იყვნენ ტრასაზე. მიუხედავად იმის, რომ ოქროს მედალი ძალიან მიყვარს, ბრინჯაოს მედლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ბოლო 8 წლის განმავლობაში რაც გამოვიარე, ეს ნამდვილად მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ამიტომ მეამაყება.

ემოციებს ვიკავებდი ბაბუაჩემის გამო. ისე მინდოდა გამარჯვება მისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც გავახარე. ძალიან ბევრი ვივარჯიშე, ვამაყობ, რომ ასეთი გუნდი და გუნდელები მყავს, ჩვენ ერთამენთს გვერდში ვუდგევართ. ბევრი ჩვენთაგანი ტრავმირებული იყო. ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად ვვარჯიშობდი. ეს ჩემი ბოლო ოლიმპიადა იყო, მიყვარს რასაც ვაკეთებ, იმდენი ბედნიერი დღეები გავატარე აქ, მაგრამ ვგრძნობ, რომ კიდევ 4 წელი ამხელა დატვირთვას ვეღარ გავუძლებ. ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის სახელით ვასპარეზობდი, ბოლომდე ვიხარჯებოდი და ასევე ვამაყობ, რომ სახლში მედლით ვბრუნდები.“

შემდეგი ქალთა შეჯიბრება - სამთო კომბინაცია ხვალ, 22 თებერვალს გაიმართება და ამ დღესვე ჩატარდება ვაჟთა სლალომი.