მსოფლიო ამბები

18 Feb '18

მარსელ ჰირშერმა მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა

დღეს ოლიმპიადაზე იონგპიონში გაიმართა ვაჟთა გიგანტური სლალომი, სადაც იასონ აბრამაშვილი ასპარეზობდა. სამწუხაროდ იასონი ფინიშის მონაკვეთზე ასპარეზობას გამოეთიშა.

ავსტრიელმა, ტიტულოვანმა მარსელ ჰირშერმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა, მარსელი შეუერთდა იმ ათ სამთო-მოთხილამურეს, რომელთაც 2 ოლიმპიური ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. მარსელთან 1.27 წმ. წააგო ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსენმა, რომელიც პირველი ცდის შემდეგ მეათე ადგილზე იყო, მეორე ცდაზე კი საუკეთესო დრო აჩვენა და თავის კარიერაში მეორე ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ფრანგი ალექსის პინტურო გახდა.

მარსელ ჰირშერი: -,,ამ სახეობაში აბსოლუტური ლიდერობა არ იყო ადვილი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ცდის შემდეგ საგრძნობლად ვიგებდი, ვიცოდი ჰენრიკ კრისტოფერსენი მეორე ცდაზე ბოლო ზღვარზე ისრიალებდა, მეც 100 % -ით გავრისკე. წინა ოლიმპიადებზე ვერ ვიასპარეზე წარმატებულად. პირველ ოლიმპიადაზე მეოთხე და მეხუთე ადგილები დავიკავე, სოჭში მეორე და მეოთხე. ბევრი მეოთხე ადგილის შემდეგ კი ორი გამარჯვება მოვიპოვე.“

ჰენრიკ კრისტოფერსენი: -,,დღეს ვერცხლის მედალი მოვიგე. დღეს ოქროს მედალი არ წამიგია, რადგან პირველი ცდის შემდეგ ყველაფერი გარკვეული იყო, ასე, რომ ძალიან გახარებული ვარ.

ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, რომ პირველ ცდაზე სწრაფად ვერ ვისრიალე და მარსელს მეტოქეობა ვერ გავუწიე, ეს აღარ იყო ბრძოლა. მან ყველას ბევრი მოგვიგო, მაგრამ ვერცხლის მედალიც დიდებულია.“

ალექსის პინტურო: -,,ძალიან, ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი ჩემი შედეგით და ვამაყობ, რომ პოდიუმი ჰენრიკთან და მარსელთან ერთად გავიზიარე. ვფიქრობ დიდებული ბრძოლა გაიმართა. მარსელი გამორჩეული ლიდერი იყო. ჩვენს შორის კი დიდი მეტოქეობა გაიმართა. მე, ჰენრიკმა და ზანმა ვიბრძოლეთ მედლებისთვის. სამთო-კომბინაციასა და გიგანტურ სლალომში შემეძლო მედლების მოპოვება, მეორე და მესამე ადგილების დაკავების შემდეგ ჩემი მიზანი ოქროს მედლის მოპოვება იქნება.“

22 თებერვალს გაიმართება ვაჟთა სლალომი, სადაც იასონ აბრამაშვილი იასპარეზებს.

მანამდე კი 21 თებერვალს ქალთა სწრაფდაშვება ჩატარდება.