მსოფლიო ამბები

17 Feb '18

სენსაცია ოლიმპიადაზე - ესტერ ლედეცკა სუპერგიგანტში ოლიმპიური ჩემპიონია

სნოუბორდში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ჩეხი ესტერ ლედეცკა პირველი სპორტსმენია, რომელიც ორ განსხვავებულ ოლიმპიურ სპორტში ასპარეზობს.

დღეს ქალთა სამთო-სათხილამურო სუპერგიგანტი გაიმართა. ესტერ ლედეცკა 26-ე სასტარტო ნომრით ასპარეზობდა. მან +0.01 წმ. მოუგო ლიდერს - ანა ვაითს, რომელსაც ოლიმპიურ ჩემპიონობას უკვე ულოცავდნენ.

ესტერი არასდროს ყოფილა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის საუკეთესოთა სამეულში, მაგრამ იგი სნოუბორდის პარალელური სლალომისში და გიგანტურ სლალომში ლიდერია. დღევანდელ ასპარეზობისას მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ სისწრაფე არ დაუკარგავს, ფინიშის გადაკვეთისას თავის დროს, რომ შეხედა, შედეგით ძალიან გაკვირვებული იყო და დიდ ხანს არ სჯეროდა. როდესაც ოპერატორმა უთხრა, რომ ის გამარჯვებულია, მან უპასუხა -,,ალბათ შედეგი არასწორად დაფიქსირდაო. ეს როგორ უნდა მომხდარიყოო?!“

მიუხედავად იმისა, რომ ანა ვაითმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ორი წლის პაუზის შემდეგ ეს შედეგი მისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. მას მუხლის მძიმე ტრავმა ჰქონდა.

ლიხტენშტეინელი ტინა ვაირატერმა  2017 წლის სუპერგიგანტის მცირე გლობუსი მოიგო, იგი მესამე ლიხტენშტეინელი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ტინა ლეგენდარული ჰანი ვენცელის შვილია, ვაირატერმა დედის შედეგი გაიმეორა.

დღევადელი შეჯიბრება ძლიერი ქარის გამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ მალევე ამინდი გამოვიდა. საშეჯიბროდ იდეალური პირობები იყო.

ამერიკელმა ლინდსი ვონმა, ფინიშთან დიდი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ მეექსვე ადგილი დაიკავა.

ესტერ ლედეცკამ განაცხადა: -,,ერთადერთი სოუბორდისტი ვარ აქ. დანარჩენი გოგონებისთვის უფრო დიდი წნეხი იყო. ვეცადე სწორად მესრიალა. მართლა არ ვიცი ეს როგორ მოხდა. მხოლოდ წამის 1 მეასედი მოვიგე. არ მჯეროდა, საოცრება იყო. მეგონა ჩემი დრო არასწორად ეწერა და სხვის დროში აერიათ. ახლაც არ მჯერა. ეს ჩემთვის უდიდესი სიურპრიზია. ყოველთვის ვცდილობ კარგად ვისრიალო და გავიმარჯვო, მაგრამ ეს თუ შესაძლებელი იქნებოდა ნამდვილად არ მეგონა. კი ვოცნებობდი ოლიმპიურ ჩემპიონობაზე, მაგრამ მეგონა ეს ცოტა მოგვიანებით მოხდებოდა. დედაჩემი, რომ დავინახე მასაც გაუკვირდა. ჩვენ ორივეს გვეგონა რაღაც შეცდომა იყო. ვკითხე, თუ როგორ ვისრიალემეთქი, მეგონა რომ რომელიმე კარი გამოვტოვე.“

ახლა გოგონები სწრაფდაშვებისთვის სამი დღის განმავლობაში მოემზადებიან და 21 თებერვალს ოლიმპიური მედლები ამ სახეობაში გათამაშდება.