მსოფლიო ამბები

16 Feb '18

ოლიმპიადაზე ნინო წიკლაურმა სლალომში 39-ე ადგილი დაიკავა

დღეს კორეაში იონგპიონგისა და იონგსიონის სათხილამურო კურორტებზე ზამთრის 23-ე ოლიმპიადის ქალთა სლალომი და ვაჟთა სუპერგიგანტი ჩატარდა.

სლალომში ქართველმა ნინო წიკლაურმა 39-ე ადგილი დაიკავა, ეს შედეგი მის კარიერაში საუკეთესოა. ნინომ განაცხადა: -,,ძალიან რთული ტრასა იყო, რელიეფიც და თოვლიც. მიუხედავად იმისა, რომ ტრასაზე წყალი დაასხეს და გაყინეს, კარებებთან ,,საფეხურები“ მაინც გაკეთდა. გიგანტურ სლალომში ჩემი სრიალით უკმაყოფილო ვიყავი, შედეგით გაოცებული, გული დამწყდა და მეორე ცდაზეც ფსიქოლოგიურად ვეღარ განვეწყვე. სლალომიც რთული იყო, შედეგით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა უკეთესად სრიალიც შემეძლო, მაგრამ რთულია შეჯიბრებაზე ასეთ თოვლს გაუგო და მიეჩვიო. ჩვენ ძირითადად ხელოვნურ და ბუნებრივად გაყინულ თოვლზე ვვარჯიშობთ ხოლმე. აქ კი სავარჯიშო და საშეჯიბრო ტრასებზეც კი სხვადასხვა ხარისხის თოვლია.“

ქალთა შორის სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი შვედი ფრიდა ჰანსდოთერი გახდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდნერმა და ავსტრიელმა კატარინა გალჰუბერმა მოიპოვეს. ვენდიმ მხოლოდ +0.05 წმ. და კატარინამ +0.32 წმ. წააგეს გამარჯვებულთან.

ამერიკელი ტიტულოვანი მიკაელა შიფრინი მეოთხე ადგილზე გავიდა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი შეჯიბრების დაწყებამდე ის თავს ცუდად გრძნობდა, სავარაუდოდ ვირუსი დაემართა.

ვაჟთა სუპერგიგანტში მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ავსტრიელი მატიას მაიერი, მეორე და მესამე ადგილებზე შვეიცარიელი ბით ფოიცი და ნორვეგიელი კეტილ იანსრუდი გავიდნენ. ფავორიტებმა ნორვეგიელმა აკსელ ლუნდ სვინდალმა და ავსტრიელმა ვინსენტ კრიხმაიერმა მეხუთე და მეექსვე ადგილები დაიკავეს.

ოლიმპიელმა ჩემპიონმა მატიას მაიერმა თქვა: -,,საოცარი დაშვება გამომივიდა. ახლა უკვე მეორე ოქროს მედალი მაქვს. რთული იყო, რადგან ჩვენთვის ეს ფერდობები უცნობია, რადგან სუპერგიგანტში ცოტა ვივარჯიშეთ და ეს მედალი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.“

შემდეგი ვაჟთა შეჯიბრება - გიგანტური სლალომი, სადაც იასონ აბრამაშვილი იასპარეზებს 18 თებერვალს გაიმართება.

მანამდე კი ხვალ, 17 თებერვალს ქალთა სუპერგიგანტია დაგეგმილი.