ქართული ამბები

9 Feb '18

ბაკურიანი საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს

16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში შეჯიბრი გაიმართება.

2010 წლიდან სკი კროსი (Ski Cross) ოლიმპიური სპორტის დისციპლინაა. წელს კი პირველად, საერთაშორისო შეჯიბრს საქართველო უმასპინძლებს.

სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა, სკი კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად მონაწილეობას გულისხმობს. დაბრკოლებებით აღჭურვილ, დაახლოებით ერთკილომეტრიანი ტრასის დაფარვას მოთხილამურეები მინიმალურ დროში შეეცდებიან.

საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარეს სპორტსმენებმა ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან და ავსტრალიიდან. შეჯიბრში 8 ქართველი მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას. ბაკურიანში ჩატარებულ შეჯიბრში მოპოვებული საერთაშორისო ქულები მათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.

შეჯიბრი დიდველის პირველ ტრასაზე გაიმართება. სათხილამურო ტრასის ასაშენებლად სკი კროსის მსოფლიო ეტაპების ტრასების დიზაინერი და მშენებელი, ფრანგი სპეციალისტი ტომას გირლანდო ჩამოდის.

ტრასის მონაცემები - სტარტი - ზღვის დონიდან - 2163 მ.;

საშეჯიბრო ტრასის სიგრძე - 915 მ.;

ვერტიკალური ვარდნა 127 მ.

ეს შეჯიბრი პირველი ნაბიჯია სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. სკი კროსის ბაკურიანში წარმატებით ჩატარება, ხელს შეუწყობს საქართველოს, სხვა აპლიკანტი ქვეყნების რიგში საპატიო ადგილის მოსაპოვებლად. ბაკურიანი, სწორედ ის კურორტია, სადაც სათხილამურო და სნოუბორდის ფრისატილის 2023 მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება განიხილება.

ბაკურიანში სქი კროსში შეჯიბრი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომპანია „სილქნეტის“ ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიმართება.