მსოფლიო ამბები

30 იან '18

ლენცეჰაიდში ქალთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა

26-28 იანვარს შვეიცარიის კურორტ ლენცეჰაიდში აუდის სამთო-სათხილამურო ქალთა მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა.

პირველ დღეს სამთო კომბინაცია შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდნერმა მოიგო, მეორე ადგილზე იტალიელი მარტა ბასინო გავიდა და მესამე ადგილს სლოვენიელი ანა ბუსიკი დასჯერდა.

მეორე დღეს მზიანი და თბილი ამინდის გამო გიგანტურ სლალომის ტრასა ძალიან გაფუჭდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ფრანგი ტესა ვორლისთვის, რომელმაც თავი კარიერაში მე-12 გამარჯვება მოიპოვა. ტესასთან მხოლოდ +0.07 წააგო გერმანელმა ვიქტორია რებენსბურგმა და მეორე ადგილი დაიკავა. 19 წლის სლოვენიელი მეტა ხროვატი, რომელიც 28-ე სასტარტო ნომრით გამოდიოდა მესამე ადგილი დაიკავა, მან მეორე ცდაზე საუკეთესო დრო აჩვენა. მსოფლიო თასის გათამაშების ლიდერმა, ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა წარუმატებლად იასპარეზა და საბოლოოდ მე-7 ადგილზე გავიდა.

ბოლო დღეს კი სლალომში ჩემპიონი სლოვაკი პეტრა ვლჰოვა გახდა, მეორე ადგილზე შვედი ფრიდა ჰანსდოთერი გავიდა და მესამე ადგილი ვენდი ჰოლდნერმა დაიკავა. მეორე ცდაზე ფინიშთან მიკაელა შიფრინი ასპარეზობას გამოეთიშა, იგი ტრადიციულად პირველ ცდას დიდი სხვაობით იგებდა.

დღეს საღამოს შტოკჰოლმში ,,სამოქალაქო შეჯიბრება“ გაიმართება.