მსოფლიო ამბები

29 იან '18

მარსელ ჰირშერმა 55-ე მსოფლიო თასის ეტაპი მოიგო

27-28 იანვარს აუდის ვაჟთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპებს გერმანიის ცნობილმა და ლამაზმა ქალაქმა გარმიშ-პარტერკირხენმა უმასპინძლა.

პირველ დღეს სწრაფდაშვებაში ყველაზე სწრაფი შვეიცარიელი ბით ფოიცი აღმოჩნდა. მან წელს მესამე ეტაპი მოიგო. მეორე ადგილი ავსტრიელმა ვინსენტ კრიხმაიერმა და იტალიელმა დომინიკ პარისმა გაინაწილეს. მათ ზუსტად თანაბარი დრო აჩვენეს და გამარჯვებულთან მხოლოდ +0.18 წმ. წააგეს.

მეორე დღეს კი გიგანტური სლალომი დიდი სხვაობით ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მოიგო. მან თავის კარიერაში 55-ე გამარჯვება მოიპოვა და ეტაპების მოგებებით გაუსწრო ჰერმან მაირს, რომელმაც თავის კარიერის განმავლობაში 54 ეტაპი მოიგო. შვედ ლეგენდარულ მოთხილამურე ინგემარ სტენმარკს, რომელსაც 86 ეტაპი აქვს მოგებული, ჰირშერს კი ბევრი აკლია, მაგრამ ის ჯერ მხოლოდ 29 წლის არის და ასე თუ გააგრძელა ნამდვილად შეძლებს სტენმარკს გაუთანაბრდეს.

მეორე ადგილზე ავსტრიელი მანუელ ფელერი გავიდა, ის თავის კარიერაში საუკეთესოთა სამეულში პირველად შევიდა. მან ჰირშერთან +1.57 წმ. წააგო. მესამე ადგილი კი ცნობილმა, ამერიკელმა ტედ ლიგეტიმ დაიკავა. ტედი ტრავმის შემდეგ პირველად ავიდა პიედესტალზე. იგი ოლიმპიური მედლის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.

ოლიმპიადამდე ეს იყო ბოლო გიგანტური სლალომი იყო, 1 თებერვალს კი შტოკჰოლმში ჩატარდება ,,ქალაქის შეჯიბრება“, სადაც საუკეთესო 12 ქალი და ვაჟი მოთხილამურე შეეჯიბრება ერთმანეთს.