ქართული ამბები

29 იან '18

27-28 იანვარს ბაკურიანში 2018 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპი გაიმართა

27 და 28 იანვარს 2018 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის პირველ ეტაპს ბაკურიანმა უმასპინძლა.

შეჯიბრება საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გენერელური სპონსორის კომპანია ,,სილქნეტის“, კომპანია ,,ბორჯომისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს შეჯიბრება ყველაზე მასშტაბური იყო, შეჯიბრებაში 55 სპორტსმენი მონაწილეობდა. სამწლიანი პაუზის შემდეგ წელს ბაკურიანის, სვანეთისა და აჭარის სამთო-მოთხილამურეებს გუდაურის გუნდი შეუერთდა. ამ განახლებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს გათამაშების ყოველი ეტაპის შესახებ მზადდება სპეციალური ფილმი, რომელიც ,,სილქტივის“ სპორტული არხების მეშვეობით გადაიცემა და სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.

სლალომი და გიგანტური სლალომი ,,დიდველის“ ტრასაზე ჩატარდა.

პირველ დღეს მზიანმა ამინდმა ორგანიზატორებსა და სპორტსმენებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრება თავის დროზე დაწყებულიყო. ორგანიზატორების დიდი ძალისხმევის, თოვლის კარგი ხარისხისა და კარგად მომზადებული საშეჯიბრო ტრასის შედეგად შეჯიბრება წარმატებით ჩატარდა.

შეჯიბრებაში მონაწილე გოგონებმა და ვაჟებმა ტრადიციულად სამ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს. 2004-2005 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის მარი ჩოგაძემ (აჭარა) გაიმარჯვა, ხოლო ვაჟთა შორის ლუკა ბუჩუკური (გუდაური) გახდა ჩემპიონი. 2002-2003 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის ნინო კურტანიძემ (ბაკურიანი) და ალეკო ჯაფარიძემ (სვანეთი) გაიმარჯვეს. უფროს ასაკში ჩემპიონები ქალთა შორის  თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი) და ვაჟთა შორის ბესო ჯაფარიძე (სვანეთი) გახდნენ.

მეორე დღეს გიგანტური სლალომი ძლიერი ქარის გამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. შეჯიბრების დაწყებისთანავე  მზემ გამოანათა და ქარი ჩადგა. 2004-2005 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის ისევ მარი ჩოგაძემ (აჭარა) გაიმარჯვა, ხოლო ვაჟთა შორის მიხეილ ჩართოლანი (სვანეთი) გახდა ჩემპიონი. 2002-2003 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის ისევ ნინო კურტანიძემ (ბაკურიანი) გაიმარჯვა, ხოლო ვაჟთა შორის ჩემპიონი ნოდარ კოზანაშვილი (ბაკურიანი) გახდა. უფროს ასაკში  ქალთა შორის კატო გოცირიძემ (თბილისი) და ვაჟთა შორის ბესო ჯაფარიძემ (სვანეთი) გაიმარჯვეს.

შეჯიბრების დასასრულს სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.

შემდეგი საქართველოს თასის მეორე ეტაპი მესტიაში 2-3 მარტს გაიმართება.

სრული შედეგები იხ. www.gsf.ge