მსოფლიო ამბები

23 იან '18

კიცბუელში ტომას დრესენმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვა

19-21 იანვარს ავსტრიის ცნობილ კურორტზე აუდის ვაჟთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერგიგანტი ნორვეგიელმა აკსელ ლუნდ სვინდალმა მოიგო, მეორე ადგილი მისმა თანაგუნდელმა და მეგობარმა კეტილ იანსრუდმა დაიკავა, მან აკსელთან +0.50 წმ. წააგო, მესამე ადგილზე კი ავსტრიელი მატიას მაიერი გავიდა, მან კეტილთან მხოლოდ +0.06 წმ. წააგო.

რაც შეეხება ცნობილ სწრაფდაშვების შეჯიბრებას, შვეიცარეილი ბით ფოიცი, რომელიც მე-7 ნომრით ასპარეზობდა და იგი ლიდერობდა მანამ სანამ მე-19 ნომრით ახალგაზრდა, 24 წლის გერმანელი ტომას დრესენი გამოვიდოდა. დრესენის ასპარეზობისას მზე გამოვიდა, მან უშეცდომოდ ისრიალა ერთ-ერთი ურთულეს, საშიშ ტრასაზე, სადაც სპორტსმენები 140 კმ.სთ.-ის სიჩქარეს ანვითარებენ და თავის კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, მან ფოიცს +0.20 წმ. მოუგო. დრესენი მსოფლიო თასის ტურში მესამე წელია ასპარეზობს და მან უკვე მოახერხა ლეგენდარული კიცბუელის სწრაფდაშვებაში გამარჯვებულთა სიაში ჩაწერა. ბით ფოიცი მეორე ადგილზე დარჩა, ხოლო მესამე ადგილი ავსტრიელმა ჰანეს რაიხელტმა დაიკავა. ფინიშზე ტრადიციულად 80 000-მდე მაყურებელი იყო შეკრებილი, მათ შორის ვეტერანი ცნობილი მოთხილამურეები, ფორმულა ერთის წარმომადგენლები და ჰოლივუდის ვარსკვლავები.

მეორე დღეს სლალომზე კი სიტუაცია ასე წარიმართა, ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსენმა როგორც იქნა ავსტრიელ მარსელ ჰირშერს მოუგო, თან დიდი სხვაობით +0.97 წმ. მესამე ადგილი კი შვეიცარიელმა დანიელ იულემ დაიკავა.

საერთო ჩათვლაში მარსელ ჰირშერი 1054 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე ჰენრიკ კრისტოფერსენია 900 ქულით და ჯერ-ჯერობით მესამე ადგილზეა  აკსელ ლუნდ სვინდალი 666 ქულით უკავია.

დღეს შლადმინგში ღამის სლალომი გაიმართება.